პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონია გაიმართა. სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა გაიარეს, ტაქტიკურ-ტექნიკურ კურსს კი, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ქვედანაყოფის ნაკრები ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
მათ სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამთო-ტექნიკური მომზადება გაიარეს და მაღალ მთაში სროლის ტექნიკას დაეუფლნენ. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სამთო ელემენტების გამოყენებით ტაქტიკური ოპერაციებიც შეასრულეს. სკოლამ კიდევ ერთ კურსს უმასპინძლა.
საბაზისო კურსის ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა სამთო-ტექნიკური მომზადების ფარგლებში კლდეზე ცოცვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, ასევე დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.