logo_geo
თავდაცვის სამინისტრო: შეუძლებელია, თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო
- +

9 აგვისტო. 2022. 16:44

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამინისტრომ რუსეთის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები.

 

უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, ამ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. ეს ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.

 

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია, თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.

 

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი