logo_geo
ურეკის საზაფხულო ბანაკში 7 სპორტული ჩემპიონატი ჩატარდა
- +

12 აგვისტო. 2022. 13:48

 

 

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, ურეკში გაიმართა ტრადიციული საზაფხულო ბანაკი. ექვსი დღის განმავლობაში, ბანაკში ცხოვრობდა 24 შშმ პირი, მათ შორის, სხვადასხვა სამშვიდობო მისიებსა და საომარ მოქმედებებში დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ასევე, პარასპორტსმენები და სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები. ბანაკს, ყოველდღიურად, სტუმრობდნენ და აქტივობებში მონაწილეობას იღებდნენ სხვა ბენეფიციარებიც, 20-ზე მეტი შმმ პირი გორის მუნიციპალიტეტიდან და გურიის რეგიონიდან. ურეკის 6 დღიანი ბანაკის ფარგლებში, ჩატარდა 7 სპორტული ჩემპიონატი: ფეინთბოლში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში ბოჩა, მჯდომარე ფრენბურთში, მკლავჭიდში, როგორც მჯდომარე, ასევე, მდგომარე პოზიციებში, მარცხენა და მარჯვენა მკლავში, გოგონებსა და ბიჭებს შორის, მშვილდოსნობაში, დომინოსა და ნარდში, გუნდურ და ინდივიდუალურ დისციპლინებში.

 

მთლიანობაში, გამოვლინდა 33 გამარჯვებული, რომელთაც ფულადი პრიზები, ასევე, თასები, მედლები და დიპლომები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა. კომპანია „ზედაზენმა“ ინდივიდუალურ დისციპლინაში გამარჯვებულებისთვის დააწესა პრიზი საკუთარი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქციის სახით.

 

პროექტის მთავარი მიზანია, შშმ პირების, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ომის ვეტერანების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება, შემეცნებისა და ცნობიერების ამაღლება შშმ თემატიკაზე. ორგანიზაცია ემსახურება ჩაკეტილი ადამიანების სახლებიდან გამოყვანას და აქტიურ ცხოვრებაში ჩართვას.

 

ახალგაზრდული მედიაკავშირი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის კონვენციის 30-ე მუხლის ინპლემენტაციას.

 

პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში, იმართება 30-ზე მეტი სპორტულ-კულტურული ჩემპიონატი და სხვადასხვა აქტივობები, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 500-მდე შშმ პირი ერთვება.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, პროექტის გენერალური მხარდამჭერია პლატფორმა „ინიციატივა"; მხარდამჭერები - კომპანიები „სოკარი“, „ტოიოტა კავკასია“ და „ზედაზენი“. ურეკის ბანაკის საპრიზო ფონდის სპონსორი გახლდათ სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

 

 

 

big_banner
არქივი