logo_geo
შემოსავლების სამსახური: ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურებში შემოსული გემების ტვირთები დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად, იმპორტის/ტრანზიტის პროცედურაში მოექცა
- +

16 აგვისტო. 2022. 14:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 11-15 აგვისტოს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში, რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პორტებიდან შემოვიდა, როგორც რუსეთის, ასევე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემები (BLACKSEA EAGLE, SVL UNITY, BAKU STAR, NEONILA).

მათივე ცნობით, გემები დატვირთული იყო რუსული და ბულგარული კომპანიებიდან, როგორც ქართული (დიზელი 6 270,095 ტონა და ხორბალი 2 900 ტონა), ასევე სომხური (ბენზინი 5 000,306 ტონა და ხორბალი 3 299,100 ტონა ) კომპანიებისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთით.

„თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, ზემოაღნიშნული ხორბალი არის რუსული წარმოშობის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემებსა და გემების მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთებზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი