logo_geo
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებით არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით მოსამართლის როლი და ჩართულობა იზრდება
- +

19 სექტემბერი. 2022. 21:08

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

 

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების არსებობის თაობაზე ეჭვის შემთხვევაშიც კი შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დროულ ინფორმირებას, ამ გზით სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და შესაბამისად, მისი მანდატის გაძლიერებას.

 

„გაიზრდება არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფად მოსამართლის როლი და ჩართულობა, რითაც, იმავდროულად, შესრულდება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებები ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის როლის გაზრდასთან დაკავშირებით“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კანონპროექტით, კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც  ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილებას, რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის გამოძიების ორგანოს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ სასამართლოს თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა.

 

 

 

big_banner
არქივი