logo_geo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დააინიცირა
- +

19 სექტემბერი. 2022. 21:35

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით  შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგებზე ინფორმაცია მოისმინეს.  საკანონმდებლო ცვლილებები  ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვას ეხება.

 

 სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების გარდა, ცვლილებებზე მუშაობისას გათვალისწინებულია GRECO-ს რეკომენდაციებიც. დეპუტატმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა.

 

კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში  შესატან ცვლილებათა პაკეტი დააინიცირა.  

 

„საარჩევნო კოდექსის  36-ე მუხლში  და  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“  ორგანული კანონის მე-2 მუხლში შედის შესაბამისი ცვლილებები. ცვლილებების ქვაკუთხედი არის ის, რომ შემოგვაქვს სრულიად ახალი საარჩევნო სიტემა - ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რომელიც გულისხმობს ამომრჩევლის ელექტრონული აპარატურით რეგისტრაციას, ხმის მიცემის პროცედურას, დათვლასა და შესაბამისი დოკუმენტის ამობეჭდვას, რომელსაც ოქმის ძალა აქვს. ეს აპარატურა არ არის ინტერნეტში ჩართული, რაც უზრუნველყოფს მის დაცულობასა და გარე ძალისგან რაიმე ზემოქმედებას  ან შეღწევადობას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მისივე თქმით, იგეგმება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აღნიშნული ელექტრონული აპარატურით, რომელიც მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა, სულ მცირე, 70%-ს, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა, მეტი იყოს.

 

„ყველა ბიულეტენი, იქნება ბათილი თუ სწორად შემოხაზული, იქნება გაციფრულებული და აიტვირთება ცესკო-ს ვებ პორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

big_banner
არქივი