logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ
- +

26 სექტემბერი. 2022. 21:37

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, მოადგილესთან,  ნინო იობაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა ისაუბრეს ევროპული საბჭოს ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მიღების მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხებზე და რეფორმების დღის წესრიგზე.

 

ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე და ამ კონტექსტში სამუშაო ჯგუფებისა და კომიტეტების საქმიანობაზე.

 

შეხვედრისას,  ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით მიღწეული პროგრესი აღინიშნა.

 

მხარეებმა ასევე, განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

 

„ამ ვიზიტის მთავარი მიზანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გაეცნონ თუ როგორ სრულდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, როგორ მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. მთავარი აქცენტი კეთდება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე. მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ გვქონდეს მტკიცე მხარდაჭერა. ეს ვიზიტიც სწორედ, ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მოველით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რასაც ხელს შეუწყობს მსგავსი ვიზიტები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ცნობისთვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე სამუშაო ჯგუფი (COEST), რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლისგან შედგება, რეგიონის შესაბამის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოებისთვის შესაბამის ხედვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. შესაბამისად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში ჯგუფს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

 

 

big_banner
არქივი