logo_geo
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხავიერ კოლომინას შეხვდა
- +

27 სექტემბერი. 2022. 19:28

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა NATO-ს წარმომადგენელს ალიანსის მხრიდან საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. შექმნილი რთული ვითარების ფონზე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც რეგიონში მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და NATO-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით. ამ მიმართულებით, ხაზგასმით აღინიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული როლი. ასევე, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა NATO-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

 

 

big_banner
არქივი