logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საუბარი მქონდა ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მათი მოლოდინი ძალიან პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება
- +

30 სექტემბერი. 2022. 15:43

 

 

„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საუბარი მქონდა ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მათი მოლოდინი ძალიან პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება, ამას ემატება კრიზისები და საუბარი მიდის არა  ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში არსებული კრიზისის და რეცესიის ფონზე საქართველომ არა თუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შეინარჩუნა, არამედ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია და ამას კარგი გააზრება სჭირდება.

 

„მე ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპის კონტინენტზე, უკრაინაში საშინელი, დამანგრეველი ომი მიმდინარეობს. რუსეთის აგრესია და ომი არ წყდება, არ ჩერდება. ამას ემატება ენერგოკრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია. 22-23-25 % არის ინფლაცია, ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა ევროპული სახელმწიფო. მე მქონდა საუბარი გაეროს ფარგლებში ძალიან ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მათი მოლოდინი ძალიან პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება და ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე. ახლა საუბარი მიდის არა  ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოების მთავრობების საზრუნავი იმიტომ, რომ რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ეტაპობრივად უარს ამბობს რუსულ გაზზე და  რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ, გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს?! იმიტომ, რომ ამას კარგი გააზრება სჭირდება. ასეთი ვითარების, ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ არათუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა,  20 000 ზე მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, საზოგადოებრივ სამუშაოებს ვგულისხმობ, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოფრთხილება სჭირდება, ქვეყნის შიგნით მაქსიმალური კონსოლიდაცია გვჭირდება, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ, ამას სჭირდება შენარჩუნება და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი