logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია
- +

30 სექტემბერი. 2022. 21:15

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები, საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა და ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებს და კომიტეტების წევრებს, საბერძნეთისა და საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ კუთხით პარლამენტში სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე, შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

მასპინძლების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბერძნეთი ურყევად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში.

 

შეხვედრებისას, განიხილეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები; ასევე, ტურიზმის, ხალხთაშორისი კავშირების, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

საუბარი ასევე შეეხო ევროპაში არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა ასევე, გამართა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) პრეზიდენტთან, EPLO-ს ქართველ სტიპენდიანტებთან და უცხოელ სტუდენტებთან.

 

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

 

საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ჰერმან საბო ასევე, დაესწრნენ საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ქართველი მხატვრების გამოფენის გახსნას.

 

 

big_banner
არქივი