logo_geo
ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
- +

3 ოქტომბერი. 2022. 12:13

 

 

სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგი გამართა.

 

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კომიტეტში შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი.

 

„სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრული იყო სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება. ეს დოკუმენტი დადგენილ ვადაში, 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სამუშაო ჯგუფმა მოუსმინა ჯგუფის თითოეულ წევრს. დოკუმენტი შემუშავებულია ფართო ჩართულობით როგორც პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით, ასევე სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. მივიღეთ დამატებითი წინადადებები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, დოკუმენტი ეფუძნება „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ 200-გვერდიან დოკუმენტს -„ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013-2021 წლებში“.

 

„ეს დოკუმენტი არის ამ სტრატეგიის ბაზისი და, შესაბამისად, ჩვენ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე მოვახდინეთ იდენტიფიცირება, თუ სად არის ქართული მართლმსაჯულება განვითარების მხრივ, რა გამოწვევები დგას მის წინაშე. 2012 წლიდან მოყოლებული სასამართლო სისტემის განვითარება და მართლმსაჯულების ხარისხის ზრდა ობიექტურად დასტურდება და ეს პროგრესი აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორებისა თუ ორგანიზაციების მიერ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია გაგრძელდეს ქართული მართლმსაჯულების შემდგომ განვითარებაზე მუშაობა, ვინაიდან რჩება გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

„გამოსაყოფია ისეთი გამოწვევები, როგორებიც არის: მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა, დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადაში შესასრულებლად და საქმიანობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად; სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირება და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, რისთვისაც აუცილებელია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სათანადო განვითარება და ხელშეწყობა, როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით; სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარების კიდევ უფრო ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების გაუმჯობესება. დოკუმენტში ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებულია მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება, ასევე, მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო განვითარება. ერთ-ერთ გამოწვევად აღნიშნულია საზოგადოების ინფორმირებულობისა და მასთან კომუნიკაციის გაზრდის გზით სასამართლოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება, სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება. საუბარია, ასევე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომ გაძლიერებაზე, სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის გაფართოებაზე; გამოწვევად აღნიშნულია მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სერვისების დანერგვა. ასევე მითითებულია შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სათანადო გარემოს შექმნა. დაგისახელეთ რამდენიმე სამაგალითო მნიშვნელოვანი გამოწვევა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

დოკუმენტში გამოწვევებს შორისაა ასევე: „თარჯიმნის სერვისის გაუმჯობესება, რათა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ჯეროვნად იქნეს უზრუნველყოფილი; იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა მან ჯეროვნად შეძლოს სათანადო რაოდენობის იუსტიციის მსმენელთა მომზადება, რაც აუცილებელია 2025 წლის 1 იანვრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის; მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვროს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევის პროცედურაში საბჭოს წევრობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის ვალდებულება; მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც. კერძოდ, მიზანშეწონილია, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცესში საბჭოს წევრობის კანდიდატს მიეცეს მოსამართლეთა კონფერენციისთვის თავისი ხედვების წარდგენის შესაძლებლობა; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო გარკვეული საკანონმდებლო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სათანადო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში ასახულ მიდგომებთან კანონის შესაბამისობას განაპირობებს“.

 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით გასათვალისწინებელია, რომ მართლმსაჯულების სფეროში სამომავლოდ განსახორციელებელი ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების მიზანი უნდა იყოს არა მართლმსაჯულების დაბრკოლება და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების შეფერხება, არამედ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების შეუფერხებლად დაცვის უზრუნველსაყოფად სასამართლო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და რეპუტაციის თვალსაზრისით, ზიანისაგან სასამართლოს დაცვა.

 

„ამიტომ სხვადასხვა ფორმატში დღემდე გაჟღერებული ისეთი შემოთავაზებები, განსაკუთრებით ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, როგორებიც არის, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის გაზრდა (ე. წ. ორმაგი 2/3) და სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩვის წესის შეცვლა - სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა ე. წ. საარჩევნო კამპანიის წარმოების გზით - არის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, არ ეფუძნება დამკვიდრებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და, საბოლოოდ, მართლმსაჯულების შეფერხებასა და სასამართლოში მისთვის შეუფერებელი პოლიტიკური პროცესების გაღვივებას გამოიწვევს. ვაგრძელებთ სამოქმედო გეგმის შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობას. 1 ნოემბრამდე ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულს და ინიცირებისთანავე, ასევე გეგმის ფარგლებში, ეს ცვლილებები წარედგინება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი