logo_geo
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი და საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის
- +

3 ოქტომბერი. 2022. 15:15

 

 

„ვფიქრობ, პარლამენტი და ზოგადად, საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ასეთი საგნობრივი პროექტები, ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა, ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო მეტი, საინტერესო და ინტენსიური დისკუსია. პოლიტიკური დღის წესრიგს დისკუსიის დიდი ნაწილი მიაქვს და ის ნაწილი პოლიტიკისა, რომელიც არის რეალური, ადამიანებისთვის გადამწყვეტი, სამწუხაროდ ხანდახან ჩრდილში რჩება ხოლმე. ამიტომ დიდი სიამოვნებაა, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კლიმატის კანონის შემუშავების პროცესის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგს დისკუსიის დიდი ნაწილი მიაქვს, ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული რეალური პოლიტიკა კი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

 

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ არის ტრანსფორმაციის და ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყოველთვის საკითხი დგება რეგულირების დეტალიზების კუთხით, თუ რა ეტაპზე შეიძლება იყოს რეგულირება და რამ შეიძლება მდგრადი განვითარების კუთხით გავლენა იქონიოს ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა მიმართულებებზე. ამ მხრივ, სწორედ განსაკუთრებული ექსპერტიზა გაგვაჩნია გარემოს დაცვის კომიტეტში და ეს განსაკუთრებული სიმდიდრეა ჩვენი პარლამენტის. რაც შეეხება პარალამენტის მუშაობას საკანონმდებლო კუთხით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ საინტერესო დისკუსიები გველის პარლამენტში. ეს ისეთი თემაა, რომელიც ზეპარტიული ხასიათისაა და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მოიძებნოს საკითხები, რომელზეც შესაძლებელი იქნება აზრების შეჯერება და საერთო მომავლიდან გამომდინარე, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს (WFD) ღონისძიების ორგანიზებისთვის და ზოგადად, საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, WFD-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა რიჩარდ გრეჰემმა და WFD-ის წარმომადგენელმა საქართველოში ლაშა ნაკაშიძემ.

 

ყურადღება გამახვილდა კლიმატის კანონის მიღების მნიშვნელობაზე, კანონის შემუშავების პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებსა და საქართველოს პარლამენტის როლზე კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებაში.

 

საქართველოს კლიმატის კანონის შემუშავების პროცესი ხორციელდება საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო კოორდინაციით „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.

 

აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი