logo_geo
ვეტერანთა შვილებსა და ჩეხ ჭაბუკ მორაგბეებს შორის მეგობრული შეხვედრა გაიმართა
- +

4 ოქტომბერი. 2022. 10:07

 

 

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედ და ვეტერან სამხედროთა შვილებსა და ჩეხეთის რაგბის ჭაბუკთა ნაკრების წევრებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

 

ჩეხმა მორაგბეებმა ქართველ ბავშვებს საკუთარი ქვეყნის შესახებ უამბეს, ხაზი გაუსვეს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, რომელიც ყველა ერისთვის ღირსების საკითხია და რომელიც ყველაზე მეტად ქართველების იდენტობას განაპირობებს. ისაუბრეს რაგბის მნიშვნელობაზე მოზარდებში მებრძოლი სულის ჩამოყალიბების პროცესში. ხაზი გაუსვეს ქართულ, უდრეკ ხასიათსა და მებრძოლ სულისკვეთებას, რომელიც განსაკუთრებით იგრძნობა ყველგან, სადაც კი ქართველი კაცი ფეხს დაადგამს. მათ ქართველი თანატოლების ჩეხეთში სტუმრობის იმედი გამოთქვეს.

 

ქართველ ბავშვებს განსაკუთრებული სიყვარულით ესაუბრა „რაგბი ევროპის“ წარმომადგენელი, ირლანდიელი ვეინ შერიდანი.

 

„მაქვს პატივი, დღეს ქართველ მებრძოლებსა და მათ შვილებს მივესალმო და ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო. მე განსაკუთრებით მიყვარს ქართველები, თავიანთი დიდი გულით და სტუმართმოყვარეობით, ბრძოლის უნარიანობითა და შეუდრეკელობით, რაზეც მათი ბრძოლების ისტორია მეტყველებს და რაც მოედანზეც იგრძნობა“, - აღნიშნა ვეინ შერიდანმა.

 

ვეინ შერიდანმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ბავშვებს მომავალ წელს ირლანდიაში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზეც იხილავს.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, „რაგბი ევროპის“ წარმომადგენელს, ვეინ შერიდანს სტუმრობისა და ქართველი ვეტერანების დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა მომავალი თაობების სწორ აღზრდაში სპორტის, განსაკუთრებით კი რაგბის მნიშვნელობა.

 

„რაგბი თავისი არსით, თამაშის სპეციფიკითა და წესებით, გამარჯვებისკენ დაუოკებელი სწრაფვით ძალიან ახლოსაა ქართველების ბუნებასთან. მოზარდებში მიზანსწრაფულობისა, მებრძოლის სულის ჩამოყალიბებაში რაგბს განსაკუთრებული როლი აკისრია. ამიტომ, ჩვენთვის თქვენი სტუმრობა და ჩვენს მომავალ თაობასთან ასეთი შეხვედრები ყოველთვის შედეგზე იქნება ორიენტირებული და ბევრ სარგებელს მოუტანს ჩვენს შვილებს“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

 

სტუმრებმა, ქართველ მოზარდებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მომავალში ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1-10 ოქტომბერს, საქართველო მასპინძლობს „რაგბი ევროპის“ 18 წლამდელთა ჩემპიონატს. ამასთან დაკავშირებით, თბილისში, თავი მოიყარა ევროპული რაგბის მომავალმა თაობამ. ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა გუნდისთვის დაგეგმილია არასპორტული აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას და სხვადასხვა საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებით ახალგაზრდა სპორტსმენების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ აღნიშნული აქტივობის ფარგლებში გაიმართა დღეს ქართველ და ჩეხ ჭაბუკებს შორის შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

 

big_banner
არქივი