logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა
- +

4 ოქტომბერი. 2022. 12:09

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა.

 

გასული წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, გაეროს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა.

 

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.

 

გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო–ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის“ ტიტულის მფლობელი.

 

მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების, ნანტის, მანდეტის მუზეუმებში და სხვა.

 

 

big_banner
არქივი