logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: უკვე მეორე წელია, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ
- +

4 ოქტომბერი. 2022. 18:29

 

 

„უკვე მეორე წელია, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი  ეკონომიკაა მსოფლიოში, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ია.

 

„ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა. ეს გამოიწვია პირველ რიგში, პანდემიამ, მაშინ მკაცრი ლოქდაუნი იყო თითქმის მთელ მსოფლიოში. ამას დაემატა ომი, რაც მიმდინარეობს უკრაინაში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მთელი ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელი - საშუალო მაჩვენებელი არის უკვე ორნიშნა ინფლაცია, 11%-ია, თუ არ ვცდები. ევროკავშირში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბაზარი, მთავარი ეკონომიკაა მსოფლიოში. ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, ბალტიისპირეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ზოგიერთ ქვეყნებში 20%-ს ასცდა ინფლაცია, ზოგან არის 25%, ევროპის სახელმწიფოებში მეგობრებო, ეს კარგად უნდა გავითვალისწინოთ. მთავარი განსხვავება, რაც ჩვენ გვაქვს, რომ იქ, ჩვენგან განსხვავებით არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აბალანსებს ამ გამოწვევას.

 

უკვე მეორე წელია, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შეიძლება ეს „დროებითი“ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს რამდენიმე წელიწადი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

big_banner
არქივი