logo_geo
საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს
- +

11 ნოემბერი. 2022. 15:32

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი, რომელიც ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებების და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების რეფორმირებას ითვალისწინებს.

 

მომხსენებლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის,  ლევან რაზმაძის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვების თავსაც, რაც შეთანხმებულია ნატოს კომიტეტთან.

 

კანონპროექტის თანახმად, საჯარო შესყიდვის სპეციალისტები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.

 

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ თუ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარზე ნაკლებია, საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად სავალდებულო აღარ იქნება შესყიდვების კომიტეტის გამოყენება.

 

კანონპროექტით განსაზღვრულია საჯარო შესყიდვის შემდეგი პროცედურები: ღია პროცედურა; შეზღუდული პროცედურა;  კონკურენტული დიალოგი; ინოვაციური პარტნიორობა; კონკურსი; წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა; წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა; საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში მომსახურების შესყიდვის მიზნით.

 

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს გააჩნია შესყიდვების სფეროში ვალდებულებები და ერთ-ერთი ვალდებულება ახალი კანონის მომზადებაა.

 

კანონპროექტით რადიკალურად იცვლება, ზოგადად, მოქმედი ნორმები და მიდგომები. ახალი კანონი  უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ბიზნესზე,  მოქნილობაზე და ის საკითხები, რომლებიც კანონში შედის ხელს შეუწყობს, რომ ეკონომიკურად მომგებიანი წინადადება ტენდერში ყოველთვის გამარჯვებული იყოს“, - აღნიშნა ლევან რაზმაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი