logo_geo
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა
- +

14 ნოემბერი. 2022. 15:38

 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა  2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის და 2023-2026 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა და მათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

 

კომიტეტის სხდომაზე საკითხი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და კანონმდებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა 2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ის მიმართულებები და გამოწვევები, რომლებსაც მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტში  პირვანდელი სახით, ცვლილებების გარეშე დაბრუნდა.

 

„რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში, ნომინალში მშპ  79,6  მილიარდ ლარს მიაღწევს.  2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 38.8%-ით იგეგმება. ჩვენი მოთხოვნაა  ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო  შემცირდეს. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება,    მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინფლაციაზე. ბოლო ორი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია  გვაქვს, რაც განსაკუთრებით  მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 2.8 %-იანი დეფიციტი და კარგი იქნება თუ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

როგორც სხდომაზე  აღინიშნა, მთავრობა მომავალ წელს 21 მილიარდ  154  მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

 

„საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს  65 ლარით, 365 ლარამდე.   ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული  ვერსია  პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება.

 

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მართალია ამ ეტაპზე პროექტში ცვლილებები არ შესულა, თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საბოლოოდ ჩამოყალიბდება ბიუჯეტი პარლამენტის წევრების  წინადადებებისა და მოსაზრებების და იმ რესურსების გათვალიწინებით, რა  რესურსებიც იქნება წლევანდელი ეკონომიკური  ზრდის ცვლილების შემდეგ მომდევნო წლის ბიუჯეტის პარამეტრების ფარგლებში.

 

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში, რომელიც კომიტეტმა ცნობად მიიღო.

 

 

big_banner
არქივი