logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: გლობალიზაციას მალე შეცვლის ეროვნულ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თვითმყოფადი სახელმწიფოების ახალი იდეოლოგიური მიმართულება და სწორედ ასეთ მსოფლიო თანამეგობრობაში ექნება საქართველოს ღირსეული ადგილი
- +

15 ნოემბერი. 2022. 13:51

 

 

„აუცილებელია არა ემოციებზე, არამედ, გონებაზე დაფუძნებული ეროვნულ-ევროპული, კონსერვატორული იდეოლოგია შევთავაზოთ მოსახლეობას.  ეს არის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი გამოსავალი. ლიბერალები უკვე დიდი ხანია არა რეალურ, არამედ ლამაზად შეფუთულ ყალბ პოლიტიკას სთავაზობენ ხალხს. პოლიტიკა კი მხოლოდ სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალია“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მის თქმით, ულტრალიბერალურმა იდეოლოგიამ ახალი ფორმის ძალადობა წარმოშვა, რომლის იარაღად დემოკრატია იქცა და  ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებს უთხრის ძირს, ამ დროს კი ყველაზე დიდი მსხვერპლი შესაძლოა ტრადიციული, პატარა ქვეყნები აღმოჩნდნენ.

 

„ისტერიული კამპანიით ტრადიციული იდეოლოგიის საზოგადოებას ძალით თავს მოახვიო ის, რაც მისთვის მიუღებელია, ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. მსოფლიო პოლიტიკა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდა და დღეს, ულტრალიბერალიზმმა კვლავ წარმოშვა ულტრარადიკალიზმი საზოგადოების გარკვეულ ფენაში. გვსურს თუ არა ასეთი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთ რადიკალიზმს ცვლის მეორეს და ორივე დამანგრეველია სახელმწიფოებისთვის?

 

ჩვენი მოძრაობა "ხალხის ძალა" სწორედ სიმართლის თქმის პრინციპზე დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანი ეროვნულ ღირებულებებზე დამყარებული, ევროპული კონსერვატორიზმის ჩამოყალიბებაა საქართველოში.

 

ჩვენ არ ვითვალისწინებთ მხოლოდ ერთი მხარის შეხედულებებს და მივყვებით თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას, სადაც არ მოსწონთ ის "ლიბერალური ძალადობა", რომელიც არა დემოკრატიის, არამედ, ავტოკრატიის გამოვლინებაა.

გლობალიზაციას მალე შეცვლის ეროვნულ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თვითმყოფადი სახელმწიფოების ახალი იდეოლოგიური მიმართულება, სადაც გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების, არამედ, პატარა ერი-სახელმწიფოების ინტერესებიც. სწორედ ასეთ მსოფლიო თანამეგობრობაში ექნება საქართველოს ღირსეული ადგილი.

 

ეს პროცესები შეუქცევადია. ამიტომ, არა მხოლოდ ქართველ, არამედ, დიდი სახელმწიფოების დიდ პოლიტიკოსებსაც კი ვურჩევდი, ჩვენს, როგორც ახალი მსოფლიო რეალობის ნაწილის მიმართ შეფასებებში სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან როდესაც ხალხის ძალას ბრძოლის ერთადერთი იარაღი სიმართლე აქვს, გამარჯვება გარდაუვალია. სიმართლე კი ჩვენი ერთადერთი იარაღია, რომლიც ამ ურთულეს ვითარებაში დაიცავს ქვეყანასაც და საზოგადოებასაც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

big_banner
არქივი