logo_geo
კალიფორნიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ წარმატებით ჩატარდა
- +

21 ნოემბერი. 2022. 11:17

 

 

კალიფორნიის შტატის ქალაქებში, დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

 

რიგით მეხუთე ფორუმის  სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავის ფესტივალს“, ქართული ღვინის დეგუსტაციას და კონფერენციას, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში გაიმართა, მეცნიერების, ეკონომისტების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით.   კონფერენციის ფარგლებში, განხილული იყო ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობა, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პოლიტიკის საკვანძო ელემენტები და სხვა საკითხები. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ კონფერენციაზე ქართული ღვინის ინდუსტრიის არსებულ მდგომარეობაზე და განვითარების ხედვაზე ისაუბრა.

 

„საფერავის ფესტივალი“ ქალაქ სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოში გაიმართა და მას მასტერ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდა. მან ღონისძიების სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს და ღვინის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა კომპანიის წარმოებული საფერავის ღვინოები წარუდგინა.

 

ღონისძიების მიმართ ინტერესი დიდი აღმოჩნდა როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ღვინის პროფესიონალების, ეკონომისტების და მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.

 

ლევან მეხუზლას შეფასებით, მსგავსი აქტიობები უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე დასამკვიდრებლად.

 

„საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ წელს დაფიქსირდა ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონი ბოთლი. ქართული ღვინო წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული  შტატების ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე. ჩვენი მხარდაჭერით იმართება ქართული ღვინის დეგუსტაციები, ქართული ღვინისა და მისი კულტურის გასაცნობად ორგანიზებას ვუკეთებთ ამერიკელი ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტს. ამ აქტიობების მიზანია, უფრო კარგად გაიცნონ, უფრო მეტად შეიყვარონ ამერიკელებმა ქართული ღვინო და გაყიდვები, მომდევნო წლებში, იყოს სტაბილურად მზარდი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

 

„ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე ძალიან კარგი პოტენციალი აქვს; განსაკუთრებით ახლა, რადგან სულ უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული ღვინის შესახებ მეტის გაგებით. ამ მხრივ, ქართული ღვინო უნიკალურია. ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც მე 20-30 წლის ასაკის ახალგაზრდებში დავაკვირდი, არის ის, რომ ისინი მიდრეკილები არიან სიახლისკენ და სურთ რაღაც განსხვავებულის აღმოჩენა. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით კი, საქართველო სრულიად განსხვავებულია“, - აღნიშნა ფორუმის მონაწილე ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა, დარელ კორტმა.

 

 

big_banner
არქივი