logo_geo
გელა ზედელაშვილი: შემეცოდა ეს გოგო, შემეცოდა და უფრო მომეწონა!
- +

2 ივნისი. 2017. 21:53



მაია ასათიანის „პროფილს" ვუყურე. მუსიკაზე უბნობდნენ: დათო ხუჯაძე, ნიკა ქავთარაძე, ნინა წკრიალაშვილი, ირმა სოხაძე, მანანა თოდაძე, ნუგზარ ერგემლიძე და კიდევ ვიღაც-ვიღაცები. ამათ ჯერ ვინმე პაატა თედიაშვილს გაურჩიეს საქმე, ზოგმა ესა თქვა, ზოგმა - ისა, ბოლოს შეაქეს და აღტყინებული გაუშვეს, შენა ხარ, რაცა ხარ, მიაწექ ცხოვრებას, მიდი, მოვდივართ, დიმპიტაური, დამპიტაურიო!


ნუ, ეხლა, რას ვერჩი პაატას? კარგი ბიჭი ჩანს, უბერავს თავისთვის, თავისი წილი მსმენელიცა ჰყავს და მაყურებელიც, თურმე ისეთი პოპულარული ყოფილა, ქუჩაში და კაფე-ბარებში ავტოგრაფებსაც სთხოვენ, ღმერთმა დალოცოს და ხელი მოუმართოს, ისემც ყოფილა, მსოფლიოს ყურადღება მიუქცევია.


მე ყურსა და თვალში ძალიან ცუდად მომხვდა, როცა სტუდიაში თაკო გაჩეჩილაძე შემოიყვანეს და ლამის ყველამ დაუწყო მორალის კითხვა. აშკარად არ მომეწონა სკამზე გადაწოლილი (არ ვამბობ, გადათხლაშული-მეთქი) დათო ხუჯაძის ირონიული რეპლიკები და „ყველაფერჩიკ" ნიკა ქავთარაძის გაუგებარი ბოდიალი იმაზე, თუ როგორი მიუღებელი იყო თაკო გაჩეჩილაძის ლოცვა ევროვიზიის სცენაზე გასვლის წინ, როგორ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო მომღერალმა თავი, როგორ ეცინებოდათ, არც ეცინებოდათ და ასე შემდეგ. ნიკა ქავთარაძე რა „ფრუქტიც" არის, ვიცით, მე პირადად მისგან ასეთი კრეტინიზმი არ გამკვირვებია, მაგრამ აი, მომღერალმა ხუჯაძემ, რომელმაც სცენაზე თავი მხოლოდ იმის მტკიცებით დაგვამახსოვრა, მახინჯი გახლავართო, მთლად გადააბიჯა როგორც ადამიანურ, ისე კოლეგიალურ საზღვარს. ბიჭო, ჯერ ერთი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაცი ხარ, ქართველობაზე დებ თავს, შეიძლება, ქალს სახალხოდ უთხრა, არც კაბა გივარგოდა, არც სიმღერა, არც გაფორმება და ამიტომაც ვერ გაიმარჯვეო? ისეთი რა ბოღმა უნდა გქონდეს გულში, რომ თავი ვერ შეიკავო და ირონიულად იკრიჭებოდე იმაზე, რაც მართლა კარგი იყო, რასაც შენ ვერასოდეს მიაღწევ?!


თაკო გაჩეჩილაძე გულნატკენია. ის ამბობს, ასეთ დაცინვას არ მოველოდი, თანაც მხოლოდ ლოცვის გამოო. მართალია, ჩვენ, ფრიად მორწმუნე საზოგადოებას შეგვიძლია, ლოცვაზე ვიღადაოთ და ადამიანი ვლანძღოთ, საერთოდ გავაფარჩაკოთ, დავამციროთ... ამის მერე ავდგებით, პირჯვარს გადავიწერთ და მივაშურებთ სამებას, სვეტიცხოველს, რა ვიცი, სხვადასხვა სალოცავებს, დავეცემით მუხლებზე, უფალს ვთხოვთ, რაც გვაწყობს, საკუთარ კეთილდღეობაზე დაველაპარაკებით, რაღაც-რაღაცებს დავიბევებთ და ეკლესია-მონასტრებიდან გამოსულები ისევ დავიწყებთ მავანთა ლანძღვა-გაქილიკებას!


მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო? ბოლოს ისე გამოიყვანეს, თურმე ადამიანმა შეიძლება მხოლოდ გულში ილოცო, თურმე პირჯვარს რომ იწერ, სირცხვილია, თურმე რომელიმე კონკურსზე რომ მიდიხარ, ძაან მარტივი სიმღერა უნდა წაიღო... როგორც ნუგზარ ერგემლიძემ თქვა, დაახლოებით, როგორიც მისი „თუთიყუში მარჩელოა"... როგორც ირმა სოხაძემ თქვა, როგორიც მისი „შენ არავის ჰგავხარ"-აა. უფრო დაუკონკრეტეს: აი, ერთი, ორი, სამი, ოთხიიიი... აეგეთი სიმღერა უნდა წაგეღოო! დიახაც, მარტო ეგეთი და არავითარი სხვანაირიო!


შემეცოდა ეს გოგო, შემეცოდა და უფრო მომეწონა... ალბათ თქვენც ნახეთ, თუ როგორ კორტნიდნენ ნიჭიერ ადამიანს. ცხოვრებაში რაღა არ მინახავს, მაგრამ ასეთ ბოღმას ანთხევდნენ კოლეგის მიმართ სახალხოდ, მოურიდებლად, პირველად ვნახე!


ღმერთო, შენ გადმოხედე ამ ქვეყანას, გაათავისუფლე შურისა და ბოღმისგან!!!


გელა ზედელაშვილი 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი