logo_geo
პორტალი for.ge ტერორისტული დაჯგუფების სამიზნე გახდა
- +

2 ივნისი. 2017. 23:04



შაბათს, 12: 20 წუთზე პოლიტიკურ-ანალიტიკური ინტერნეტ პორტალ for.ge-ზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომელიც 14 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით სპეციალისტებთან გაგვერკვია რა მოხდა რეალურად და, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო შეტევა გარკვეული არაბული დაჯგუფების მხრიდან.


ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ for.ge-ზე განხორციელდა კიბერტერორისტული შეტავა, რომელიც საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ელემეტია. მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში მსგავსი კიბერტერორისტული შეტევა იყო პირველი ფაქტი, როდესაც ასე ღიად 14 საათის განმავლობაში საიტი იყო უპრეცედენტო კიბერტერორისტული შეტევის სამიზნე.


„კიბერტერორისტული შეტევა პირველად მოხდა საქართველში. სამწუხაროდ, თქვენს წინააღმდეგ დაიწყო საინფორმაციო ომი. პირველადი მონაცემებით, ეს არის „ისლამური სახალიფოს" მიერ განხორციელებული კიბერტერორისტული შეტევა, ეს არის მათი ხელწერა, რადგან მათ ანალოგიური შეტევა არაერთხელ განხორციელებულა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში.

 

სანამ თქვენზე მოხდებოდა შეტევა, ორი დღით ადრე „ისლამური სახალიფომ" გაავრცელა მუქრა მუსულმანთა კავშირის ლიდერების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, პროპაგანდისტული ომიდან გადავიდენ საინფორმაციო ომზე. თქვენზე განხორციელებული შეტევაც ამასვე ადასტურებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვართ ტერორისტული ორგანიზაციის პირდაპირი სამიზნე. სამწუხაროდ, საფრთხე ნამდვილად მაღალია", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.


ექსპერტი ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრებას და სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან for.ge-ს თანამშრომელთა უსაფრთხოებას მოითხოვს, რადგან, მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ჯგუფს მხარდამჭერები ჰყავს საქართველოში, საფრთხე ძალიან მაღალია.


„სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს ეროვნული უშიშროების საბჭო, რომ განისაზღვროს როგორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მართლაც რეალური საფრთხის შემცველი გარემოება. პარალელურად, გამოძიება უნდა დაიწყოს კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, ასევე ჩაერთოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრი. ამის იოლად გატარება არ შეიძლება, ეს დიდი და სერიოზული მოვლენაა, მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები.

 

გარდა ამისა, სუს-მა უნდა მოახდინოს თქვენი გამოცემის უსაფრთხოებაზე აყვანა, რადგან მათ ეს გაბედეს საქართველოში, ნიშნავს, რომ საფრთხე ძალიან მაღალია - ეს ნიშნავს, რომ „ვილაითი გურჯისტანის" ქსელმა დაიწყო მოქმედება ამ მიმართულებით. მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, for.ge-ზე განხორციელებულ უპრეცედენტო კიბერტერორისტულ აქტს აღვიქვამ როგორც სერიოზულ გაფრთხილებას", - აღნიშა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.


„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის" თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ეს იყო კიბერშეტევა, რომელსაც ჰქონდა სხვა დანიშნულება, კერძოდ, მათი მიზანი არ იყო მხოლოდ საიტის გათიშვა, არამედ ტერორისტული ჯგუფების მასალების განთავსება for.ge-ზე, როგორც ერთ-ერთ წამყვან საინფორმაციო საშუალებაზე.


„სამწუხაროდ, მოხდა საქართველოში ერთ-ერთი წამყავნი საინფორმაციო საშუალების გათიშვა. მათი მიზანი არ იყო მხოლოდ საიტის გათიშვა, არამედ, მიზანი იყო მათი მასალების განთავსება მაინცდამაინც თქვენს საიტზე, რაც კიდევ ერთხელ ასაბუთებს for.ge-ს პოპულარობას.

 

მე ვფიქრობ, რომ შემოტევა მოხდა „ისლამური სახელმწიფოს" რომელიმე დანაყოფის - თალიბანის, ან ალ-ქაიდას მხრიდან, ზუსტად ამის დადგენა რთულია, მაგრამ მასალების შინაარსიდან დასტურდება, რომ ამის უკან დგას „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული დაჯგუფება.

 

რაც მე ვნახე, განსაკუთრებით სირიასთან დაკავშირებით იყო ბევრი მასალა. ვფიქრობ, რომ მათი მიზანი იყო, მათივე პოზიციების და დამოკიდებულების ჩვენება და გაცნობა. ზოგადად, ეს ძალზედ გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა. თქვენი საინფორმაციო საშუალება იყო გათიშული, მაგრამ თქვენს საიტზე შემსვლელები ვეცნობოდით მათ პროპაგანდას. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ საფრთხე არის დიდი", - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.


რაც შეეხება თავდაცვის სისტემას, მისი თქმით, თითქმის არ არსებობს ამის პრევენცია. ბესიკ ალადაშვილი ახლა შესაბამისი სამსახურების დასკვნას ელოდება და ამბობს, რომ ამ ფაქტით დასტურდება, რომ საქართველო არის ტერორისტული დაჯგუფების მეთვალყურეობის ქვეშ.


„ტერორისტებმა იციან სად არის საქართველო, განსაკუთრებით იმ ჯგუფმა, რომელიც საქართველოდან არის წასული. მათ ალბათ აქვთ მიღებული დავალება, რომ დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებით. როდის გახდება აქტუალური მათი ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი, ეს უკვე ტერორისტების ლიდერებზე არის დამოკიდებული.

 

ალბათ, დასადგენი იქნება, ეს იყო მხოლოდ თქვენი საინფორმაციო საშუალების მიმართ, რაღაცა სხვა მიზნით განხორციელებული შეტევა, თუ ეს იყო ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. შესაბამის ანალიზსს გააკეთებენ შესაბამისი სამსახურები, კერძოდ, საიდან მოდიოდა ხანგრძლივობა და მათ შორის სხვადასხვა ტექნიკურ პარამეტრებსაც დაადგენენ.

 

ამ მოვლენამ შეიძლება მიგვიყვანოს იგივე შედეგებამდე, რაც ესტონეთში მოხდა, როდესაც ესტონეთის ხელისუფლება, რომელიც მთლიანად ელექტრონულ სისტემაზე იყო გადასული, რუსი ჰაკერების მიერ გაითიშა და რამდენიმე დღით ეს სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნის მართვაში. ეს არის სწორედ ის სერიოზული საფრთხე, რის გამოც ესტონეთში შეიქმნა ანტი-კიბერტერორისტული სისტემა, რომელშიც გაწევრიანებული არიან ნატოს წვერი ქვეყნები. საქართველოში მოხდა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემის წარმოჩენა, რაც მთელს მსოფლიოს აწუხებს", - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.


ინტერნეტ პორტალ for.ge-ზე განხორციელებული კიბერ შეტევის ფაქტზე, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი რომლის განცხადებით, ეს არის შემთხვევა, როდესაც საზოგადოებამ უნდა ატეხოს ხმაური.


„ასეთი თავდასხმა უნდა მიიღოთ გმირულად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაერიყოთ იმ პროცესებს, რაც ხდება მსოფლიოში. თქვენ უნდა იყოთ გაბრაზებული და გააგრძელოთ ისევ ობიექტურობა, ინფორმაციის ფლობა და გავრცელება. მომხადრზე საზოგადოებამ უნდა ატეხოს ხმაური. გირჩევდით, რომ კონსულტაცია გაიაროთ უშიშროების საბჭოს მდივანთან, რადგან ეს არის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის უარყოფითი გზავნილი", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.


მისივე თქმით, ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე, შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული კონსულტაცია იმ სისტემებთან და სუბიექტებთან, რომელთაც ასეთი გამოცდილება გააჩნიათ. თუმცა, ციკარიშვილი არ არის დარწმუნებული, რომ ასეთი სუბიექტები საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდნენ.


„რაც შეეხება მოწყვლადობას, როგორ არა, რატომ არა? ამაზე არაერთი მინიშნება იყო. ხან რელიგიურად განსხვავებული ძალებისგან, ხან პროვოკაციული წინასწარმეტყველებიდანაც. ჩვენ ასეთ რაღაცას ველოდით, ამის საფუძველი არის, იმიტომ რომ, ჩვენ ოქროს კოჭი არ ვართ ამ დედამიწაზე, მით უმეტეს ნერვებს ვუშლით ყველა თავგზააბნეულ მუსულმანს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა აკადემიზმი, ვიდრე ემოციური რაიმე სახის ინტერვენცია. ეს არ არის ერთი და ორი კვირის საკითხი. ეს უნდა იყოს მუდმივი თემა", - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია გახდეს ერთ-ერთი საბაბი იმისა, რომ ისლამისტური ჯგუფებისთვის საქართველო აგრესიისთვის საინტერესო აღმოჩნდეს.


„ჩვენ სულ ველოდებით ასეთ შეტევას რუსეთისგან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს შეტევა განხორციელდეს ისლამისტური ჯგუფების მხრიდან. მით უმეტეს, რომ მათ შორის კავშირზე არის ლაპარაკი. ამ მოვლენაში მოტივაცია მეჩვენება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. აშკარაა, რომ არსებობს დაუცველობის პრობლება. შეიძლება, მათი ჩანაფიქრი არ იყო თქვენი სააგენტოს დაშინება, ერთგვარი მოსინჯვა იყო იმისა, რამდენად მოწყვლადია საქართველო კიბერშეტევების თვალსაზრისით", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.


მისი თქმით, შეიძლება ეს ინციდენტი უფრო დიდი მასშტაბის პრობლემა იყოს, ვიდრე მხოლოდ სიტყვის თავისუფლების და ერთი კონკრეტული გამომცემლობის ბედ-იღბალი. საყვარელიძე ამბობს, რომ ის რაც for.ge-სთან მიმართებაში მოხდა, ეს მთელი ქვეყნის უსაფრთხოების თემას უკავშირდება.


„უპირველეს ყოვლისა, ეს უკავშირდება სახელისუფლებო სტრუქტურების დაშინებას, რადგან თქვენთან კიბერშეტევა განხორციელდა მხილოდ იმ მოტივით, რომ თქვენ გაქვთ დასავლური ძლიერი მედიის სტილი. მოხდა მოვლენა და იმის გარშემო იყო თავისუფალი მსჯელობა, ვგულისხმობ დემირელის კოლეჯის მმართველის დაკავებას - დასავლური მედიის სტანდარტით წარმოებული პროცესი იყო.

 

ასევე არის ყველა ფაქტთან დაკავშირებით. რადგან დასავლური მედიის სტილი გაქვთ, სწორედ ამიტომ აღმოჩნდით ისლამისტების დარტყმის ქვეშ. არავინ იცის რა ინფორმაციები იქნა გატანილი საიტებიდან. ეს უკვე აღარ არის თქვენი გამოცემის თემა, არავინ იცის ხვალ ვის მიადგება ანალოგიური დარტყმა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, ამერიკიდან დაწყებული, კიბერშეტევების მსხვერპლი იყო უამრავი ქვეყანა.

 

საბედნიეროდ, ჩვენ არ ვიყავით იმ ქვეყნების რიგებში, რომელიც მათ უნდა აინტერესებდეთ. ძირითადად, ევროპის წამყვანი ქვეყნების მიმართ ჰქონდათ ინტერესი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვართ მათ ინტერესში. კარგით, დაუცველი ვართ, ვართ, მაგრამ მოტივაცია არის საინტერესო, რატომ ისროლეს ამ მიმართულებით?", - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი