logo_geo
პატრიარქი: ბატონი ზურაბ კიკნაძე იყო ჩვენი დროის ინტელიგენციის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, უაღრესად განათლებული, სულიერი თვალით მზირალი გამორჩეული ადამიანი
- +

27 ნოემბერი. 2022. 19:31

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ზურაბ კიკნაძის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

სამძიმარის წერილს საპატრირქო სოციალურ ქსელში დღეს ავრცელებს.

 

„ბატონი ზურაბ კიკნაძე იყო ჩვენი დროის ინტელიგენციის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, უაღრესად განათლებული, სულიერი თვალით მზირალი გამორჩეული ადამიანი, რომლის შინაგანი სამყარო მოიცავდა შუამდინარეთის ლიტერატურასა და მითოლოგიას, ქართულ ფოლკლორსა და მითოლოგიას, ქრისტიანობასა და ქრისტიანულ კულტურას, ქართულ მწერლობას, ბიბლიას - ძველ და ახალ აღთქმას...ზოგადად მსოფლიო კულტურის საგანძურს.

 

განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ძველი აღთქმის თარგმნაში და, საერთოდ, ბიბლიის ახალქართული ტექსტის გამოცემაში, რითაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია წმინდა წერილით დაინტერესებულ ჩვენს საზოგადოებას.

 

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზურაბის უკვდავი სულისათვის, რათა „უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს“ იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მშვიდობით აკურთხოს და მიმადლოს ლოცვის ძალა“, - ნათვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

 

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე 89 წლის ასაკში 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

იგი 1933 წლის 3 ოქტომბერს დაიბადა. 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს სემიტოლოგიის განხრით. 1956-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში.

 

1977 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, თსუ-ს დიდი საბჭოს წევრი. 2002 წლიდან მოღვაწეობდა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში.

 

ზურაბ კიკნაძე არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციას კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.

 

ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, ხოლო ავტორთა ჯგუფთან ერთად პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“ - სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.). ზურაბ კიკნაძის პირველი თარგმანი - „გილგამეში“ (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებითურთ) 1963 წელს გამოქვეყნდა.

 

 

big_banner
არქივი