logo_geo
„ჩვენ, ქართველი დედები ამ ყველაფერს ვერ ვეგუებით...”
- +

3 ივნისი. 2017. 02:18



Mshoblebi.ge-ის რესპონდენტი ირინა ჯაბიშვილი სამი წელია შვედეთში ცხოვრობს. იქ მეუღლესთან და პატარა ლილიკოსთან ერთად ჩავიდა საცხოვრებლად. ლილიკო უკვე ბაღის ასაკის იყო, დედა კი ძალიან ღელავდა, როგორ მიიღებდნენ სხვა ეროვნების ბავშვს პედაგოგები, ბავშვები მშობლები... მოლოდინი არ გამართლდა, პატარა ქართველი გულთბილად, სიყვარულით მიიღეს შვედებმა. ამ მოკლე დროის მანძილზე, იმის მიუხედავად, რომ თავიდან ძალიან გაუჭირდა, ირინამ იქაური აღზრდის მეთოდები მაინც აითვისა. ჩავთვალეთ, რომ საინტერესო იქნებოდა მისი, როგორც უშუალოდ იქ მცხოვრები დედის მოსაზრებები აღზრდის განსხვავებულ მეთოდებზე.


- სამი წელია, მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი პატარა ლილიკო შვედეთში ვცხოვრობთ. როცა ამ ქვეყანაში მოვდიოდით, გამოგიტყდებით და ძალიან ვნერვიულობდი, განვიცდიდი, მეგონა, რომ ჩემი შვილი უცხო გარემოში დამეჩაგრებოდა. ვფიქრობდი, რადგან ემიგრანტები ვართ, ბაღში მასწავლებლები ყურადღებით არ იქნებოდნენ მის მიმართ, ისეთ სითბოს და სიყვარულს არ გამოიჩენდნენ, როგორც თავად შვედი ბავშვების მიმართ იჩენდნენ, მაგრამ სულ ტყუილად ვღელავდი. ყველაფერი პირიქით მოხდა. პირველივე დღიდან ძალიან თბილად მიიღეს ჩვენი პატარა. დიდ ყურადღებას აქცევენ და რაც მთავარია, ბავშვებს ეროვნების მიხედვით არ ყოფენ. მათთვის ყველა ეროვნების და აღმსარებლობის ბავშვი ერთია. შვედები ერთმანეთის და ზოგადად ადამიანების ინტერესებს, სურვილებს დიდ პატივს სცემენ. ძალიან მომწონს აქაური აღზრდის მეთოდი. თავისუფლად ზრდიან ბავშვებს, აძლევენ ყველაფრის უფლებას, არ უშლიან ქვიშაში, ტალახში, გუბეებში თამაშს, მაგრამ ამავე დროს, მათ იციან საზღვარი. რომ განახათ, წვიმიან ამინდში, როგორ გულიანად ატყლაპუნებენ გუბეებში. ჩვენ, ქართველი დედები ამ ყველაფერს ვერ ვეგუებით, ვუჯავრდებით, როცა ბავშვი თავში სილას იყრის, ან დასვრილი მოდის ქუჩიდან, ვნერვიულობთ, როცა ფეხები სველი აქვს, ან ხელები ცივი. ამათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართველი დედები ზედმეტად ყურადღებიანები ვართ, კალთაზე გვყავს გამოკერებული ჩვენი შვილები, დიდებივით ვექცევით, იმაზე მეტს ვთხოვთ, ვიდრე მოეთხოვებათ, ყველაფერს ვუშლით, აქ სხვანაირადაა, ესენი ბავშვურად ექცევიან ბავშვებს.


 

- როგორ იწყება დღე ბაღის ბავშვებისთვის, რა აქტივობებში არიან ჩართული საბავშვო ბაღში ყოფნის დროს?

 

- ბაღში მივდივართ 7 საათზე ყოველგვარი უამინდობის, ყინვის, სიცივის, ქარის მიუხედავად. ყოველდღე დილის ცხრა საათზე მთელი ბაღი გამოდის ეზოში. ჯგუფში საშუალოდ 15 ბავშვი და სამი მასწავლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ყურადღებაა ბავშვების მიმართ. ყველა ბავშვი ასაკის მიუხედავად ერთად თამაშობს ეზოში. ბაღში მასწავლებლები ერთმანეთს ცვლიან ჯგუფებში, ესეც იმიტომ, რომ ბავშვები ყველა მასწავლებელს აღიქვამდნენ თავისიანად და ყველა მასწავლებელთან შეეძლოთ კონტაქტი. ძილი ნებაყოფლობითია, სძინავთ იატაკზე დაგდებულ ლეიბებზე. ჯგუფში არანაირი პატარა სკამი არ არის, რომ დასხდნენ ბავშვები. მასწავლებლებიც ბავშვებ ით წრეზე დასხდებიან იატაკზე, მრგვალ ხალიჩაზე და ასე მღერიან, თამაშობენ, მიირთმევენ ხილს. აქტიურად ასწავლიან ხელსაქმეს და ამისათვის გამოიყენებენ საკვები პროდუქტებისგან დარჩენილ მუყაოს ყუთებს, ქილებს და გარდაქმნიან ხელოვნების ნიმუშებად. დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვის გონებრივ განვითარებას, აწყობინებენ პაზლებს, ხელის მოტორიკის გასავითარებლად აუცილებლად იყენებენ ლეგოს სათამაშოებს. დაჰყავთ ბავშვები პიკნიკებზე. ქალაქში გასვლის დროს ბავშვებს აცვიათ სპეციალური ფოსფორისფერი უნიფორმები, დააჭერინებენ გრძელ თოკს, რომ ყველა ბავშვი ამ თოკზე იყოს მიბმული. გუჩებში გასული ბავშვები ასუფთავებენ ბაღებს, უვლიან ყვავილებს, ასუფთავებენ ხმელი ფოთლებისგან, კრეფენ, თუ სადმე დაგდებულ პარკს ან ქაღალდს ხედავენ. ამით შვედები ბავშვებს პატარაობიდანვე უნარგავენ, რომ უნდა დაიცვან სისუფთავე და მოუარონ საკუთარ ქალაქს. მშობლებს არ ეთაკილებათ, როცა მათი შვილები ქუჩაში ნაგავს კრეფენ. ჩვენთან პირიქითაა, ბავშვი რომ გარეთ გაიყვანოს და ნაგავი აკრეფინოს, ალბათ მასწავლებელს უჩივლებენ მშობლები.  ერთი სიტყვით, მეც და ლილიკოსაც ძალიან გვიყვარს ბაღი,თავისი თბილი და მზრუნველი მასწავლებლებით. ყოველი თვის ბოლოს გვაქვს მასწავლებელთან პერსონალური გასაუბრება ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში გვაძლევენ შესაბამის რჩევებს, მითითებებს.


- მშობლები როგორ უყურებენ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ყინვაშიც, თოვლშიც და წვიმაში გაჰყავთ გარეთ და ტალახის გუბეებში ათამაშებენ?

 

- შვედი მშობლებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საერთოდ არ განიცდიან მათი შვილები -10° ყინვაში როგორ თამაშობენ დღეში ორჯერ, ჯერ დილის ცხრა საათზე და შემდეგ შუა დღის სამ საათზე. თავიდან, რომ მივდიოდით ბაღში, გული მეკუმშებოდა, მეცოდებოდა ჩემი შვილი გარეთ, ყინვაში დამეტოვებინა და მასწავლებელს ვთხოვდი, ჯგუფში შეეყვანათ, მაგრამ არ მთანხმდებოდნენ, მიეჩვევაო, მეუბნებოდნენ. პირველად ტალახიან გუბეში რომ დამხვდა წამოწოლილი, ამან შოკში ჩამაგდო, მაგრამ დღეს მეც შვედებივით შევეგუე ამ ამბავს და აღარ მიკვირს. ვიცი, რომ სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ყოფნა, ბავშვები კაჟდებიან სიცივეში და ყინვაში, ასე ეჩვევიან აქაურ ყინვებს და უმუშავდებათ იმუნიტეტი.



- რაც შეეხება საბავშვო ბაღში სწავლებას, როგორი მეთოდებით ასწავლიან ბავშვებს ასოებს, წერას, კითხვებს, ლექსებს?

 

- არანაირი ასოების, კითხვის სწავლებით არ ტვირთავენ. ასე სხედან მრგვალ ხალიჩაზე, მღერიან, ლექსებს ამბობენ და ვისაც უნდა, ის სწავლობს. არ აქვთ არანაირი საზეიმო მზადებები და ღონისძიებები. არ აზუთხინებენ ბავშვებს ლექსებს და არ აიძულებენ იცეკვოს რამე დადგმული ნომერი. ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. აქვთ კარნავალი, უბრალოდ ლამაზ-ლამაზ სადღესასწაულო კაბებში, მულტფილმის გმირების ფორმაში გამოწყობილი ბავშვები დადიან ბუშტებით მორთულ ბაღის ეზოში, თამაშობენ, თუ უნდათ ცეკვავენ მუსიკაზე, ან მღერიან. ეს თავისუფლება მათ ძალიან ახარებთ. არ იძაბებიან, რომ ლექსის მოყოლის დროს რამე შეეშლებათ, ან სიმღერა და ცეკვა არ გამოუვათ სათანადოდ და მშობლების გულისწყრომას დაიმსახურებენ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან კარგი და სამაგალითოა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი