logo_geo
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა
- +

29 ნოემბერი. 2022. 22:43

 

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში 2022 წლის 23 ნოემბერი – გიორგობის დღესასწაული – მნიშვნელოვანი მოვლენის თარიღად ჩაიწერება. ამ დღეს სტამბოლში, მსოფლიო საპატრიარქო რეზიდენციაში მის ყოვლადუწმინდესობას, მთავარეპისკოპოსს  კონსტანტინოპოლისა-ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი საზეიმო ვითარებაში ოფიციალურად გადაეცა.

 

როგორც ცნობილია, 2022 წლის 18 ივლისს, სსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით (№ 05/01-64), „მსოფლიოში მშვიდობისა და ქრისტიანობის განმტკიცების, ეკოლოგიის,  საეკლესიო სამართლის სამეცნიერო დარგების განვითარებაში შეტანილი   განსაკუთრებული წვლილისთვის, რელიგიათა და ცივილიზაციათა დიალოგის მხარდაჭერის, ლტოლვილთა, დევნილთა და ომებით დაზარალებულთა თანადგომის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური  მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიანობისა და ერთიანობის დაცვისათვის,  საპატრიარქო მოღვაწეობის 30-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, უახლესი ისტორიის აღიარებულ თეოლოგსა და მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელს – სასულიერო ლიდერს, საზოგადო მოღვაწეს, კონსტანტინოპოლის-ახლისა რომის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომე I-ს“ მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორის წოდება.

 

იმთავითვე ნათელია, რომ ეს არ არის რიგითი მოვლენა, ღონისძიება. ეს არის იმ მაღალი ნდობის მაჩვენებელი, რომელსაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიაღწია პროფესორ ზურაბ ხონელიძის რექტორობით. მისი აქტიური ჩართულობა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში, „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ – როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმის – ინიცირება და ამ იდეით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აკადემიური წრეების თუ პოლიტიკოსების დაინტერესება, ბუნებრივია, პირდაპირ კავშირშია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდასთან. თუმცა, რექტორ ზ. ხონელიძის ინიციატივით, სსუ წარმოდგენილია როგორც სამშვიდობო ინიციატივების საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუცია, რაც მის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების ყურადღებას იწვევს. 

 

სტამბოლში რექტორის ოფიციალური ვიზიტის დროს მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრისას, 2022 წლის ივლისის ბოლოს, გადაწყდა, რომ, ბართლომეოს I-ს კურთხევით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია მსოფლიოს საპატრიარქოს 23 ნოემბერს ეწვეოდა.

 

22 ნოემბერს სტამბოლში რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით სსუ-ს დელეგაცია – აკადემიური საბჭოს წევრები: პროფესორები მელორ ალფენიძე, ლალი გაბისონია და ნანა გულუა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი დავით ჯალაღონია, ვიცე-კანცლერი ალექსი გახარია და რექტორის  თანაშემწე გიორგი რურუა – ჩავიდა.

 

23 ნოემბერს ადრიანოპოლის კარიბჭის (ედირნექაფი) წმინდა გიორგის ეკლესიაში მსოფლიო პატრიარქმა, მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტ ილია ჯინჯოლავასთან (კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი) ერთად, პარაკლისი აღავლინა.  ღვთისმსახურების დასასრულს, სსუ-ს დელეგაცია საპატრიარქო რეზიდენციის ტახტის დარბაზში მიიწვიეს, სადაც საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებას, საუნივერსიტეტო დელეგაციის გარდა, ესწრებოდნენ: თურქეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, ბატონ გიორგი ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის წევრები, სტამბოლში საბერძნეთის გენერალური კონსული, სტამბოლში კათოლიკეთა ეპისკოპოსი, სტამბოლის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საპატრიარქო სასამართლოს წევრები და სხვა სასულიერო პირები.

 

ცერემონიაზე ოფიციალური სიტყვით გამოვიდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც, მიესალმა რა მის უწმიდესობა ბართლომეოს I-ს, წმიდა სინოდის წევრებს, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას, აღნიშნა:

 

– ყველაზე დიდმა მასწავლებელმა – ისტორიამ დაადასტურა  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვების ჭეშმარიტება: „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა“. ქრისტიანულ ლიტერატურაში,  გავრცელებულია თქმულება საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის შესახებ. ჩვენ ქართველები ვერწმუნებით მას, როგორც ჭეშმარიტების უდიდეს ფაქტს. პირველი საუკუნიდან მოყოლებული, ქრისტიანობას აღვიქვამთ არა მხოლოდ აღმსარებლობად, არამედ ქართველ ერთან, მიწასთან  და მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად, როგორც ერთი ისტორიული ერთობის,  პოლიტიკური ერთიანობისა და ქართული იდენტობის საფუძვლად, სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის განმსაზღვრელ ფაქტორად. გლობალური ფუნქციის მატარებელი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა – საქართველო, წარმოადგენს  დედამიწის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ კვანძს, რომელიც არ ივიწყებს რა წმინდა მამების სწავლებას – „თუ სხეულს სულს არ დაუმონებ, მაშინ იგი დაუმონებს შენს სულს ეშმაკს“ – და სამართლიანად მიიჩნევს, რომ მას, განგებით,  მართმადიდებლური სამყაროს ერთიანობის გამტკიცების სულიერი მისიაც ერგო. მის აღსრულებაში და ქართული ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ერთიანობის შენარჩუნებაში  განუზომლად დიდია თქვენი – მართლმადიდებელი  მსოფლიოს სასულიერო ლიდერის, ცნობილი თეოლოგის, ღვთისმეტყველების დოქტორისა და საზოგადო მოღვაწის – დამსახურება. თქვენ, კაცობრიობის უმთავრესი პრობლემის - თანამედროვე, ეროვნული და პოლიტიკური იდენტობის ფორმირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინეთ ქრისტიანობის როლს, მეტიც, მართმადიდებლური ეკლესია, პოლიტიკური ფუნქციის მქონე მნიშნელოვან აქტორად აქციეთ, რამაც რელიგიის ერთგვარი რენესანსიც კი გამოიწვია და ქრისტიანული ღირებულებები ხალხათა შორის პოლიტიკური კონსოლიდაციის ხელშემწყობ ფაქტორად აქცია. აღნიშნული ჭეშმარიტებისა და  საერთო განწყობის დასადასტურებლად,  თქვენი ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი მოღვაწეობიდან  არაერთი  ფაქტის მოყვანა შეიძლება. მათ შორის: სამეცნიერო, კვლევით, გარემოსდაცვითი, სხვადასხვა რელიგიურ თემთა, რელიგიათაშორისი, ერთა თუ საერთაშორისო კონფლიქტის მოგვარების მცდელობის, მშვიდობის დამყარების თუ სხვა მიზნით გადადგმული იმ კონკრეტული ნაბიჯებიდან, რის გამოც, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,  სამ ათეულ წელზე მეტია  საყოველთაო აღიარებითა და დამსახურებული სიყვარულით სარგებლობთ ქრისტიანულ სამყაროსა და  ზოგადად  მსოფლიოში. ჩვენ, დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და ზოგადად, საქართველოს შვილებს, განსაკუთრებით გვახარებს თქვენი დიდი ხნის და მარადიული   ურთიერთობა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასთან და სულიერი ძმობა მის საჭეთმპყრობელთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის  უწმინდესობასა   და უნეტარესობასთან ილია II-სთან. არაერთხელ სწვევიხართ საქართველოს ოფიციალური-მეგობრული ვიზიტით.  თავდაპირველად, სწორედ თქვენ, როგორც ფილადელფიის, მოგვიანებით კი, როგორც ქალკედონის მიტროპოლიტი, აქტიურად იყავით ჩართული და  მონაწილეობდით მსოფლიო საპატრიარქოსთან საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ მოლაპარაკებებში. 2007 წლის ოქტომბერში, თბილისში  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  მიერ, მოხდა თქვენი არჩევა აკადემიის საპატიო უცხოელ წევრად. 2013 წლის იანვარში ესწრებოდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს დაბადებიდან 80 და საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს. თქვენსა  და მის უწმინდესობას ილია II-ს შორის ურთიერთობა,   სიყვარულით გამოხატული,  დღემდე გრძელდება. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქის, ეროვნებით ქართველის და მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, დაუვიწყარია  მიმდინარე წილის 30 ივლისს შეხვედრაზე თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები, ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კერძოდ – „ერთი სახელმწიფო, ერთი ეკლესია, ერთი პატრიარქი“. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ვსარგებლობ შემთხვევით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს საზოგადოების სახელით, მოგახსენებთ გულწრფელ მადლობას და ნიშნად ჩვენი დამოკიდებულებისა გაცნობებთ, რომ წიგნი: „ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელმძღვანელობის 30 წელი – ბართლომეოს – მოციქული და მართლმხედველი“  უკვე ითარგმნა ქართულად და უმოკლეს ვადებში გამოიცემა; ამასთანავე, ვასრულებთ რიტუალს, თქვენი სსუ-ს საპატიო დოქტორის მანტიით შემოსვისა  და გადმოგცემთ საპატიო დოქტორის მედალსა და დიპლომს”, – ბრძანა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

 

ამის შემდეგ უწმინდესმა სიტყვა წარმოთქვა, სადაც სოხუმის უნივერსიტეტს დიდი პატივისთვის მადლობა გადაუხადა:

 

– პატივცემულო მეუფენო, ძმებო ქრისტეში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პატივცემულო რექტორო, თქვენო აღმატებულებავ საქართველოს ელჩო ანკარაში, პატივცემულო გენერალურო კონსულებო, პატივცემულო არქონებო, პატივცემულო პროფესორებო, საპატიო სტუმრებო საქართველოდან, საყვარელო მეგობრებო, ძვირფასო შვილებო უფალში!

 

თბილად მოგესალმებით ძვირფასო რექტორო, თქვენს წარჩინებულ გარემოცვასთან ერთად, მართლმადიდებლობის ცენტრში – ისტორიულ ფანარში. მადლობას გიხდით იმ პატივისთვის, რაც თქვენმა უნივერსიტეტმა მოგვანიჭა, რომ ჩვენს მოკრძალებას საპატიო დოქტორის წოდება გადმოსცა. თქვენს წინაშე ამ ოფიციალურ მომენტში, კვლავ ვიმეორებთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ მსგავსი ცერემონიების დროს, რომ ეს უზარმაზარი აკადემიური პატივი გადაეცემა მსოფლიო საპატრიარქოს კონსტანტინეპოლის დიდ ეკლესიას, რომელის წინამძღოლადაც ჩვენ ვმსახურობთ, უკვე ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში. ჩვენ ვიღვწით მსახურებაში უპირატეს ამ ეკლესიაში, რომელიც ამ ქალაქშია და აქედან იძლევა რწმენის, სიყვარულისა და იმედის კეთილ მოწმობას და მთელ ქმნილებას უცხადებს სახარებას კაცობრიობისა და სამყაროს ქრისტეში ხსნის შესახებ; ეს არის სამეუფო და ტანჯული ეკლესია, სამოციქულო და პატრისტიკული ტრადიციისა და კანონიკური წესრიგის, მართლმადიდებლობის ამაღლებული ზნეობრივი ფასეულობებისა და კულტურის უცვლელად მცველი; სამყაროსთან დიალოგში და დროის ნიშნების მძაფრი შეგრძნებით, რომელიც მარადიულად უწყობს ხელს სამყაროს ქრისტეში გარდაქმნას.

 

პატივცემული პროფესორები, უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები ემსახურებიან და ხელს უწყობენ ჩვენი დროის დიდ ძალას – მეცნიერებას – და წარმოადგენენ თანამედროვე მსოფლიო განვითარების სარკეს, რომელიც გადამწყვეტია აწმყოსა და მომავლისთვის. ეკლესია მეცნიერული კვლევის უნარს ახასიათებს, როგორც „ღვთივბოძებულ საჩუქარს ადამიანისათვის“. მართლაც, მეცნიერება და ტექნოლოგია რადიკალურად ცვლის ჩვენს ცხოვრებას, წყვეტს პრობლემებს, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გადაულახავად ითვლებოდა და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, დაავადებათა მკურნალობას და სოციალური ცხოვრების ორგანიზებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე განვიცდით სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის გვერდით ეფექტებს, ეკოლოგიურ პრობლემას, ჩვენს ცხოვრებაში მექანიზმების დომინირებას და ადამიანის გაზომვად რაოდენობად გარდაქმნას. ამ საშიშროებისა და საიენტიზმის უკიდურესობების წინააღმდეგ ეკლესია ხაზს უსვამს სულიერი მიდგომის აუცილებლობასა და კატალიზურ მნიშვნელობას. ჩვენს ცხოვრებაში არსებობს მეცნიერებისთვის მიუწვდომელი განზომილებები, რომლებიც წარმოადგენს თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და ზნეობის საკითხებს. ადამიანისათვის აუტანელი „ეგზისტენციალური სიცარიელის“ დასაძლევად საჭიროა ცხოვრების აზრი. არსებობს შესანიშნავი არისტოტელესეული გამონათქვამი: „ყველგან სარგებლობის ძიება არ შეჰფერის დიდსულოვან და თავისუფალ ადამიანს“ (პოლიტიკა, VIII, 1338ბ); ანუ ყველგან იმის ძიება, რაც სასარგებლოა, სულაც არ არის შესაფერისი დიდსულოვანი და თავისუფალი ადამიანებისთვის. აქ ჟღერს ქრისტეს ზეციური სიტყვები: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი“ (მთ. 4,4).

 

განათლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალი თაობისთვის მეცნიერულ ცოდნასთან ერთად სულიერი ფასეულობების, ჰუმანიტარული იდეალების, თავგანწირვისა და სოლიდარობის ეთოსის, მშვიდობისა და სამართლიანობისადმი ერთგულების, ადამიანის პიროვნების სიწმინდისა და შემოქმედების მთლიანობის პატივისცემის გადაცემას ადამიანი უბრალოდ ბიოლოგიური ერთეული არ არის. მისი სიცოცხლე არ ამოიწურება გადარჩენისათვის ბრძოლით, მატერიალური საჭიროებების უზრუნველყოფითა და გრძნობების დაკმაყოფილებით. ცხოვრების ყველა ასპექტის მართვას სჭირდება სულიერი, ეთიკური და ჰუმანიტარული განზომილებების მხარდაჭერა და მიზანდასახულობა. კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ შეუძლებელია დიდ გამოწვევებთან წმინდად პრაგმატული არჩევანისა და ტექნოკრატიული და ვიწრო საკუთარი ინტერესების მქონე გადაწყვეტილებების საფუძველზე, უმაღლესი ფასეულობითი ორიენტაციის გარეშე, უტილიტარიზმის მიღმა. ამ ჭეშმარიტების უარყოფას ყოველთვის მივყავართ ჩიხთან და ნგრევასთან.

 

რაც ყველაზე ცხადია, არ არსებობს რეალური პროგრესი სულიერი ფასეულობების პატივისცემის გარეშე. ამ ღირებულებების რწმენა შთაგონების წყაროა; ის გვიბიძგებს იმისკენ, რაც საჭიროა, ჭეშმარიტი ინტერესი პლატონის აზრით, „მიგვიყვანს სიკეთესთან“. მისი უმაღლესი დანიშნულების უარყოფა არა მხოლოდ არ ათავისუფლებს ადამიანს, არამედ ამცირებს მის არსებობას და ატყვევებს პესიმიზმში, ბანალურობასა და ცინიზმში, მარადისობის იმედის გარეშე ძნელია „ადამიანური მდგომარეობის“ წინააღმდეგობებისა და დაყოფის მართვა. ერთ-ერთი თანამედროვე დიდი ღმრთისმეტყველი წერს, რომ იქ, სადაც ღმერთის საიდუმლოს გრძნობა ქრება, გარდაუვალია ადამიანის ხატების დამახინჯება, ან თუნდაც დაქვეითება. ამ მიზეზით, შეუძლებელია რელიგიური რწმენის საკითხის მიყუჩება ადამიანთან მიმართებისას“ (ჭ. Pუნნენბერგ, Gლაუბე უნდ ჭირკლიცჰკეიტ, Müნცჰენ 1975, 83. 70).

 

ამ სულისკვეთებით, ჩვენ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ თქვენს წინაშე, პატივცემულო რექტორო და პროფესორებო, რომ ეკლესიას, რომლის უმაღლესი ფასეულობა არის ადამიანის სიწმინდის დაცვა, მის მიწიერ და მარადიულ დანიშნულებაში, აქვს სათქმელი ადამიანურ საქმეებში, რომელიც ყოველთვის გულისხმობს იმ ჭეშმარიტებას, რომ „არაფერია ისეთი წმინდა, როგორც ადამიანი, რომლის ბუნებაც ღმერთმა მიიღო" (ნიკოლოზ კაბასილასი), ამ ჭეშმარიტების ხაზგასმით, ქრისტეს ეკლესია ხელს უწყობს სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ჰუმანიზაციას, აჩვენებს მეცნიერების საზღვრებს და აცხადებს, რომ არ არსებობს პროგრესი, როდესაც ადამიანი დასახიჩრებულია და ნადგურდება მისი სახლი (ოიკოს), ბუნებრივი გარემო. სამართლიანობის, მშვიდობისა და სოლიდარობისთვის სოციალური ბრძოლის ისტორია არ შეიძლება დაიწეროს ეკლესიის წვლილზე მითითების გარეშე. ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ არსად არ არის აღიარებული ან პატივდებული ადამიანური პიროვნება ისე, როგორც ქრისტიანობაში, რადგან ადამიანი არის არსება ქმნილი ღმრთის ხატებად და მსგავსებად და ასევე „ღმრთის რჩეული“, რომლის გადასარჩენად, ღმერთის ძემ და სიტყვამ ჩვენი სახე მიიღო და სამოთხის კარი გაგვიღო.

 

ამ მიზეზით, ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა თანამედროვე მოძრაობა ეკლესიის მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, ხოლო თავად ეკლესია მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე უარყოფდა ადამიანის უფლებებს, როგორც შეუთავსებელს მის ქრისტიანულ მოვალეობასთან, იწვევს გამართლებულ შეშფოთებას და მწუხარებას. სიმართლე ისაა, რომ თანამედროვე კულტურის ეს დიდი მიღწევა გულისხმობს ქრისტიანობაში ოიკუმენეს ხანგრძლივ მოღვაწეობას და ატარებს მის შტამპს, რადგან მისი საფუძველია რწმენა ადამიანის აბსოლუტური ღირსებისადმი. მიუხედავად მათი ნაწილობრივი განსხვავებისა, ადამიანის უფლებათა მოძრაობა და ქრისტიანობა ემთხვევიან ერთმანეთს ადამიანის ღირსების დაცვის საერთო მიმართულებაში, მიუხედავად მათი განსხვავებებისა მის საბოლოო საფუძველში. სიყვარულისა და ძმობის ქრისტიანული იდეალები ასაზრდოებდა ბრძოლას სოციალური უფლებებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს დროშიც კი, ეკლესიები თავისუფლების სოციალური შინაარსის მხურვალე დამცველები არიან.

 

გვჯერა, რომ ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ არის იმ წარმოდგენის გამოხატულება, რაც მასზე გაგვაჩნია. თუ ჩვენ ადამიანს ვხედავთ როგორც უბრალოდ ბიოლოგიურ არსებას ან მექანიზმს, მაშინ ჩვენ ადვილად ვახორციელებთ მათ ინსტრუმენტალიზაციას და ვაქცევთ მათ ცვლად ობიექტებად. თუ მათ ღმრთაებრივ ქმნილებებად მივიჩნევთ მარადიული დანიშნულებით, ისინი ჩვენს თვალში უმაღლეს ღირებულებას იძენენ. ამ თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ ეთიკურ ჰუმანიზმსა და მის მიღწევებს ადამიანის ღირსების დაცვაში, მიგვაჩნია, რომ მისი ვიწრო ანთროპოცენტრიზმი საჭიროებს დამატებას. პიროვნების განხილვა ღმერთთან მიმართებაში უმაღლეს ფასს ანიჭებს ადამიანის არსებობას. ამდენად, ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს ვემსახურებით ყოველი ადამიანის, მდაბლის, ავადმყოფის, ღარიბის, უცხოს, ბავშვის, მოხუცის, სახარებისეული „უმცირესის“ სახით. ისიც მართალია, რომ როდესაც ჩვენ გულგრილები ვართ ადამიანის მიმართ, ჩვენ უგულებელვყოფთ ღმერთს, ხოლო სადაც სიყვარული და ძმობაა, ღმერთი იმყოფება. იოანეს თქმით: „ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთს, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია... თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი მკვიდრობს ჩვენში“ (1 იოანე 4,8 & 12).

 

ფართოდ არის ხაზგასმული, რომ ადამიანის უფლებების სრული პოტენციალის გაგება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აღიარებულია აუცილებელ პირობებად, მშვიდობის საფუძვლად და კრიტერიუმად მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის პირველი დეკლარაციებიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებებს ჰქონდა პაციფისტური ხასიათი და მიმართულება. დღეს ეს უფლებები განიხილება მსოფლიო მშვიდობის იდეის განხორციელებად, რომელსაც განუყოფლად უკავშირებენ „თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობას“. ადამიანის უფლებების ამ როლის შესახებ ეჭვები იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ისინი მხოლოდ დასავლეთს არ ეკუთვნის, არამედ არის „მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობას, სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში საერთო, უნივერსალური გამოცდილების გამოხატულება. ისინი ასევე უგულებელყოფენ იმას, რომ ადამიანის უფლებები არა მხოლოდ არ ემუქრება ცალკეული კულტურის გამორჩეულობას „ზოგადი კულტურის“ სახელით, არამედ უზრუნველყოფს საყოველთაოდ მიღებული ფასეულობებზე დაყრდნობით, კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნების ინტერკულტურულობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას.

 

მშვიდობა არ არის ცხოვრების დონის ამაღლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროგრესის, კულტურული განვითარების, ეკონომიკური და სოციალური მოდერნიზაციის აშკარა შედეგი, მაგრამ მის მისაღწევად საჭიროა თავგანწირვა და სიმამაცე, მისი შენარჩუნება კი ჯერ კიდევ მიუღწეველი ამოცანაა. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ მშვიდობასა და სამართლიანობას შორის კავშირს; მხარს ვუჭერთ ყოველ გულწრფელ ინიციატივას შერიგებისა და მშვიდობისთვის; ვცდილობთ გავაძლიეროთ რელიგიების წვლილი ხალხებსა და ცივილიზაციებს შორის მშვიდობის დამყარებაში, ურყევი რწმენით, რომ რელიგიებს – ამ უზარმაზარ სულიერ ძალებს – შეუძლიათ არსებითი წვლილი შეიტანონ მშვიდობის საქმეში, რაც მიუღწეველია თვით რელიგიებს შორის მშვიდობის გარეშე. ამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა გადის რელიგიათაშორისი დიალოგზე, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთნდობას და ხაზს უსვამს რელიგიური ტრადიციებში თანდაყოლილ ფილანტროპიულ ღირებულებებს.

 

გარდა მშვიდობის ქომაგობისა, პირადად ჩვენთვის, ადამიანის უფლებებისა და ღირსებისათვის ბრძოლა განუყოფელ კავშირშია ადამიანის ბუნებრივი გარემოს დაცვასთან. ცხადია ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების ურთიერთმიმართება და უეჭველია ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური საკითხები და კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს უპირველეს ყოვლისა და ყველაზე ინტენსიურად ღარიბებსა და ყველაზე მოწყვლად მოსახლეობაზე. წარმოუდგენელია, ვამბობდეთ რომ გვაინტერესებს პიროვნება და თანადროულად ვანადგურებდეთ მის სახლს (ოიკოს). ბუნებრივი გარემოს დაცვა და ადამიანის მიმართ რეალური პატივისცემა ერთი მედლის ორი მხარეა, ურთიერთქმედითი და ერთმანეთთან განუყოფლად დაკავშირებული, ცხადია, ტყუილია საუბარი პროგრესზე, როდესაც ადამიანის სახლი ინგრევა, თავად ადამიანი კი ზიანდება. საფუძველი თანამედროვე ეკოლოგიური და სოციალური პრობლემებისა საერთოა და ის წარმოადგენს „თავისუფლების კრიზისს“, სულიერ და მორალურ რყევებს. ორმაგი სოლიდარობა ქმნილებისა და ადამიანისადმი არის ახალი ეთოსი, რომელიც უძლებს ჩვენი დროის მრავალგვარ გამოწვევას. მომავალის არცერთ იმ ხედვას არ აქვს ფასი, რომელიც არ გულისხმობს სოციალურ სამართლიანობასა და დაცულ ბუნებრივ გარემოს.

 

ძვირფასო სტუმრებო,

 

ადამიანის პიროვნების სიწმინდის წარმოჩინებითა და მის პრაქტიკული პატივისცემით რელიგიები შეაქვთ წვლილი ადამიანის უფლებათა ბრძოლაში და სამართლიანობის, სოლიდარობისა და მშვიდობის კულტურის დაფუძნებაში. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიოში არსებული უნივერსიტეტებიც, როგორც მეცნიერებისა და ჰუმანიზმის სამჭედლოები, ავრცელებენ ცოდნასა და თავისუფლების ეთოსსა და ადვოკატირებენ ადამიანის უფლებებსა და მშვიდობას.

 

ვაცხადებთ რა ჩვენს ნდობას რწმენისა და ცოდნის ჰუმანისტური განზომილებისადმი, პატივცემულო რექტორო, თქვენი სახით კიდევ ერთხელ ვუხდით გულწრფელ მადლობას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩვენთვის საპატიო დოქტორობის მონიჭებისათვის და გისურვებთ თქვენ და თქვენს პატივცემულ თანამშრომლებს და ყველას, ვინც ამ აკადემიურ შეხვედრას ესწრება, ჯანმრთელობას და ყოველგვარ ზეციურ კურთხევას და მოვიხმობ თქვენზე და საყვარელ ქართველ ხალხზე სიყვარულისა და სიბრძნის ღმერთის მადლსა და წყალობას.

 

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის“ – ასე მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას და დალოცა ჩვენი უნივერსიტეტი მსოფლიო პატრიარქმა, მისმა უწმიდესობა ბართლომეოს I-მა. მან დელეგაციის წევრებს ამ მნიშვნელოვანი დღის სამახსოვროდ და მოსაგონებლად „ლოცვანნი“ გადასცა.

 

ღონისძიების მსვლელობისას მსოფლიო პატრიარქმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და თურქეთში საქართველოს ელჩმა, ერთობლივად, ხე დარგეს ედირნექაფის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში.

 

ისტორიული მოვლენა ბართლომეოს I-ს ინიციატივით გამართული საზეიმო ტრაპეზით დასრულდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი