logo_geo
კოკა კაციტაძე დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

30 ნოემბერი. 2022. 22:43

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას ისახავდა მიზნად.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საგამოძიებო მიმართულებით არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების და გაფართოების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს.

დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამსახურის ფუნქციებზე ისაუბრა და ვრცლად მიმოიხილა ის ამოცანები და მიზნები, რასაც დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური ემსახურება, ასევე ელჩს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე, მხარეები დანიის საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელ სამსახურთან (The Police Complaints Authority in Denmark) მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. ასევე, კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის, გამომძიებლების სასწავლო მიზნებისთვის სამუშაო ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტის - „სტრატეგიული ჩარჩო: დანიის პარტნიორობა აღმოსავლეთ სამეზობლოსთან 2022-26“ მნიშვნელობას დაეთმო, სადაც განსაზღვრული სამი პრიორიტეტული მიმართულებიდან, ერთ-ერთი ქვემიმართულება სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ეხება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა პოლიციის დამოუკიდებელი საჩივრების ორგანოთა ქსელში (Independent Police Complaints Authorities’ Network / IPCAN), ასევე შიდა საგამოძებო ქსელში (Internal Criminal Investigations Network /ICIN) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაწევრიანების საკითხს.

კოკა კაციტაძემ ანე ტოფტ სორენსენს დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ქუთათელაძე ესწრებოდა.

big_banner
არქივი