logo_geo
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა
- +

1 დეკემბერი. 2022. 19:01

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, ასევე ქალთა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის ასპექტები, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასთან და სასამართლოში საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა მტკიცებულებათა სტანდარტზე, მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივ ღონისძიებებსა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ფუნქციებზე სამართალწარმოების პროცესში.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის სპეციფიკაზე, გამოთქვეს მოსაზრებები გენდერულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. სტუდენტებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენციაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას. სწორედ ამიტომ, სპეციალიზებულმა პროკურორებმა ფემიციდის კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

big_banner
არქივი