logo_geo
საქართველოს პარლამენტმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
- +

22 დეკემბერი. 2022. 16:05

 

 

„თქვენი ჩამოსვლა მნიშნელოვანია. გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი სითბო დაგანახოთ თქვენ და დავანახოთ უკრაინელ ხალხს. თქვენ გაქვთ ახლა განსაკუთრებული პერიოდი. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ქვეყანა, ჩამოაყალიბოთ მეგობრობა თანატოლებთან, რომელიც შემდეგ წლების განმავლობაში გაგყვებათ. პარლამენტი იქნება თქვენი მეგობარი და დღეს თქვენი ვიზიტით ეს მეგობრობა შედგა“, -  განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიღებაზე, რომელიც პარლამენტში საქართველოში მყოფი უკრაინელი სტუმრებისთვის გაიმართა.

 

ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლის 24 აღსაზრდელი და მათი მწვრთნელები საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით  თბილისში წინასაახალწლო დღეებს გაატარებენ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს ბავშვების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის  მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„როდესაც საუბარია მეგობრობის ჯგუფებზე, ეს, როგორც წესი, არის საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილი, მაგრამ ამ წელმა აჩვენა, თუ რამხელა დატვირთვა აქვს მეგობრობის ჯგუფებს.  მიხარია, რომ უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა ამდენი რამ შეძლო და ასე მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთს ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებს, ხალხებს და არის გარკვეული საპარლამენტო ხიდი, რომელიც დღეს არის განსაკუთრებულად აქტიური“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს ასევე სიტყვით მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

 

„ეს ვიზიტი დაგეხმარებათ, ისტორიის ამ რთულ მომენტში, როდესაც უკრაინაში ომია და უკრაინა იბრძვის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, კიდევ ერთხელ იგრძნოთ თქვენი მეგობრების ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს უყვარხართ და გვინდა, უკრაინის მშვიდობიანი ხვალინდელი დღე იყოს გარანტირებული. ჩვენ გვსურს უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა წარმართოს თავის ქვეყნის მომავალი და ამაში მთელ დასავლურ საზოგადოებასთან ერთად, უკრაინას აქვს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ამ რთულ დღეებში საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინელი კოლეგების მიმართ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

არჩილ თალაკვაძემ თავის მხრივ თბილისის მერს კახა კალაძეს გადაუხადა მადლობა პროექტის ორგანიზებისა და ბავშვების ჩამოყვანაში გაწეული დახმარებისთვის. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა კი ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს მიმართა სამადლობელი სიტყვით გაწეული ძალისხმევისთვის.

 

საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლუდმილა მარჩენკომ კი განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის დადასტურებაა ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკრაინის და უკრაინელი ბავშვების მიმართ იჩენს.

 

უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და  დედაქალაქის მერიის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

 

 

big_banner
არქივი