logo_geo
„ჯეიმს უებმა“ პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა
- +

12 იანვარი. 2023. 11:02

 

 

ტელესკოპმა „ჯეიმს უები“ თავისი პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, პლანეტა LHS 475 b მზის სისტემის მიღმაა განლაგებული, ის თითქმის იგივე ზომისაა, რაც დედამიწა. პლანეტა ჩვენგან 41 სინათლის წელიწადის მანძილზე,​ ოქტანტის თანავარსკვლავედშია განლაგებული.

 

პლანეტის არსებობის შესახებ NASA-ს სატელიტის, TESS-ის მიერ შეგროვებული მონაცემებიც მეტყველებდა, ამიტომ ასტრონომებმა კევინ სტივენსონის ხელმძღვანელობით ამ თეორიის დასადასტურებლად მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ტელესკოპის გამოყენება გადაწყვიტეს. მათ აღმოაჩინეს, რომ პლანეტა მართლაც არსებობს. ახლა სპეციალისტები მისი ატმოსფეროს შესწავლის ეტაპზე არიან. „ჯეიმს უები“ერთადერთი ტელესკოპია, რომელსაც დედამიწის ზომის პლანეტების ატმოსფეროს შესწავლა შეუძლია.

 

თუმცა უკვე ცნობილია, რომ LHS 475 b თავისი ვარსკვლავის გარშემო სრულ ბრუნს სულ რაღაც 2 დღეში ასრულებს. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ვარსკვლავის ტემპერატურა მზის ტემპერატურაზე ორჯერ დაბალია, შესაძლოა პლანეტას ატმოსფერო ვარსკვლავთან სიახლოვის მიუხედავად, შენარჩუნებული ჰქონდეს.

 

ეგზოპლანეტა ეწოდება პლანეტას, რომელიც მზის სისტემის საზღვრებს მიღმა მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, დადასტურებულა 5 297 ეგზოპლანეტის არსებობა 3 904 პლანეტარულ სისტემაში. სპეციალისტებით შეფასებით, „ირმის ნახტომში“ ეგზოპლანეტების რაოდენობა სულ მცირე 100 მილიარდს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი