logo_geo
მეუფე შიო: ყოველი ადამიანის სულის გადარჩენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იესო ქრისტეში მამა ღმერთის ნებით და სულიწმიდის მადლით
- +

19 იანვარი. 2023. 16:32

 

 

„ყოველი ადამიანის სულის გადარჩენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იესო ქრისტეში, მამა ღმერთის ნებითა და სულიწმიდის მადლით. ამიტომაც თავად უფალი იესო ქრისტე გვიბრძანეს ჩვენ, რომ ყოველი მორწმუნე უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისთა“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს.

 

ამ დღის კონდაკში ჩვენ ვგალობთ: „განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენ ზედა“. აი, ამ დღესასწაულს ასევე ეწოდება ღვთის განცხადება. უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანულ ცოდვილებს წყლით ნათლავდა. უფალს ცოდვები არ ჰქონდა, მაგრამ იგი მიდის წმინდა იოანესთან იმისთვის, რომ, როგორც თავად ბრძანებს, „აღასრულოს ყოველი სიმართლე“.

 

თავდაპირველად იოანე ნათლისმცემელი მას შეაჩერებს და ეუბნება, რომ მე მმართებს შენგან მონათვლა, შენ კი ჩემთან მოდიხარო? მაგრამ შემდეგ მიუშვებს და წარმოთქვამს განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს: „აჰა, კრავი ღვთისა, რომელიც იტვირთავს კაცობრიობის ცოდვებს“, „აჰა, ტარიგი ღვთისა“, რაც ნიშნავს კრავს.

 

რას ნიშნავს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები? ეს ნიშნავს, რომ მესია და მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზე ამდენია ნათქვამი წმინდა წერილში, მოევლინა კაცობრიობას, დღეს მოვიდა და განეცხადა სოფელს. შემდეგ, როდესაც წმინდა იოანე ნათლავს იესო ქრისტეს და მასზე იტყვის, რომ იგი არის მესია, ზეცა გაიხსნება და მაღლიდან გაისმის მამა ღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც ჩემთვის სათნოა“.

 

აი, ასე მოხდა იორდანეს წყლებზე ყოვლადწმინდა სამების განცხადება, გამოცხადება და როგორც ტროპარშია ნათქვამი, „რაჟამს იორდანეს ნათელ იღე, შენ უფალი, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“.

 

აი, აქ ასევე გამოჩნდა და გამოვლინდა ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის ურთიერთობის საიდუმლოც, რომ სულიწმიდა ღმერთი მამისგან გამოდის; რომ იგი განკაცებულ ძე ღმერთში დაივანებს; გამოვლინდა ასევე, რომ ყოველი ადამიანის სულის გადარჩენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იესო ქრისტეში, მამა ღმერთის ნებითა და სულიწმიდის მადლით. ამიტომაც თავად უფალი იესო ქრისტე გვიბრძანეს ჩვენ, რომ ყოველი მორწმუნე უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისთა.

 

ამრიგად, ნათლისღების მადლი თავის თავში ატარებს ყოვლადწმინდა სამების მიუაჩრდილებელ ნათელსა და ძალას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღესასწაულს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი, დავემორჩილოთ ამ სიტყვებს, რომლებიც მამაზეციერმა წარმოთქვა თავის მხოლოდშობილ ძეზე, ღვთის სიტყვაზე, რომ „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის. მაგისი ისმინეთ“. მოგვცეს უფალმა მადლი და ძალა, რომ „მაგისი ვისმინოთ“ და მაშინ კურთხევა მუდამ იქნება ჩვენზე ყოვლადწმინდა სამებისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

big_banner
არქივი