logo_geo
თბილისის საკრებულოში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
- +

25 იანვარი. 2023. 21:30

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე, თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ხმალაძე და ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორს ირაკლი ბაბუხადიას შეხვდნენ და კომპანიის ობიექტების მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-მა თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული პრიორიტეტები განსაზღვროს.

თავის მხრივ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა „ჯივიპის“ რაიონების მიხედვით არსებული პრობლემები დეტალურად გააცნეს. საკრებულოს წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია თბილისის მოსახლეობამ მაღალი ხარისხის წყალმომარაგება მიიღოს.

დღესვე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ საკრებულოს წევრებთან თბილისში წყალარინებისა და წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

big_banner
არქივი