logo_geo
ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას თავად ითხოვს და ამბობს, რომ პარენტერალურ კვებას სწორედ რეანიმაციაში გადაყვანის შემთხვევაში გააგრძელებს
- +

1 თებერვალი. 2023. 00:18

 

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას თავად ითხოვს. მისი თქმით, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პარენტერალურ კვებას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევაში გააგრძელებს.

პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს. პაციენტი სააკაშვილი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს. ეს არის მინიმალური რაოდენობა, იმ კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება. არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს საკვების მიღებისთვის, ყოველი შემთხვევისთვის ხილული არ არის. შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. დღეს ამ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით განაცხადა (უფრო სწორად, როგორც თვითონ აღნიშნა, ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს), რომ გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს.

არის წარმოუდგენელი ზეწოლა კლინიკის პერსონაზე, არის მუქარები და არა მარტო ექიმების მისამართით, არამედ მათი ოჯახის წევრების მისამართითაც. თუნდაც ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, რაზეც მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, დღეს გიორგი ჩალაძემ გაავრცელა. თუმცა, კლინიკის დირექტორმა ნინო ნადირაძემ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ სააკაშვილი პალატაშია და დღის განმავლობაში მასთან გიული ალასანია და ადვოკატებიც იმყოფებოდნენ.

big_banner
არქივი