logo_geo
ინფორმაცია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ
- +

15 თებერვალი. 2023. 10:37

 

 

საზოგადოებისთვის ცნობილია 2023 წლის 8 თებერვალს გამოცემული პრეს-რელიზის შესახებ, სადაც ვსაუბრობდით „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ევროპული პრესის მიერ დაწესებულ ცენზურაზე., რაც უკვე ტენდენციად იქცა.

 

პრეს-რელიზით გავრცელებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ბატონ ივანიშვილს განზრახული ჰქონდა დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, რასაც ეტაპობრივად განახორციელებდა კიდეც.

 

მართლაც, უკვე მიმდინარე კვირაში, ბატონი ივანიშვილის პიარ გუნდს ჰქონდა მცდელობა მორიგი სტატიის გამოქვეყნებისა, თუმცა, ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, „Financial Times“, „Wall Street Journal“, „Bloomberg“, „Reuters“ და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები.

 

იმედგამაცრუებელია, მაგრამ ამჯერად, ისევ გვიწევს, რომ ქართულ აუდიტორიას მივმართოთ და მათ ყურადსაღებად გამოვიტანოთ ის სტატია, რომლის გამოქვეყნებაზე უარი გუშინ, 2023 წლის 14 თებერვალს მივიღეთ. ფაქტობრივად ცენზურას დაქვემდებარებული სტატიის ტექსტს უცვლელი სახით გთავაზობთ.

 

 

ვის დავალებას ასრულებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი, როდესაც ასე დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს?

 

 

ცენზურა ბანკის მენეჯმენტის კრიტიკაზე

 

 

მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიის ორგანულ გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც 2023 წლის თებერვლის დასაწყისში ჰქონდა ბატონ ივანიშვილს. იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ივანიშვილის კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართა და იგი შეიცავდა ბანკის მენეჯმენტის საფუძვლიან მხილებას, რაც ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, იგი დაექვემდებარა ბლოკირებას და ცენზურას. მისი გაცნობის საშუალება მხოლოდ ქართულ აუდიტორიას მიეცა მას შემდეგ, რაც ევროპულ პრესაში გამოქვეყნება ორიგინალი სახით შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც აჩვენებს, რომ ქართული მედია სივრცე თავისუფალია. აქვე დავძენთ, რომ მოცემული სტატია ასევე გაშუქდება ქართულ პრესაში მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება მის მიმართ მიმღებლობა ევროპულ მედიაში. იმედგამაცრუებელია, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ხორციელდება ბანკის კრიტიკა, მაშინ ბატონი ივანიშვილისთვის ყველა კარი ღიაა: სტატიებს ბეჭდავს როგორც შვეიცარიული, ისე ევროპული და წამყვანი საერთაშორისო მედია. ამასთან, როგორც კი ფოკუსის ქვეშ ექცევა არა ბანკი, არამედ კონკრეტულად მისი მენეჯმენტი, რომელიც შეგნებულად აზიანებს ბანკის ინტერესებს და პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ აქცევს თავის კლიენტს, მაშინ მედია დუმს და ეს უკვე არა ერთჯერადი შემთხვევა, არამედ ტენდენციაა. ტენდენციაა იქიდან გამომდინარე, რომ ბატონ ივანიშვილს მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდა შვეიცარიულ მედიაში, როდესაც მენეჯმენტის კრიტიკის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე შვეიცარიულმა პრესამაც, რადიომაც და ტელევიზიამაც უარი თქვა 2022 წლის ივლისში. მაშინ ბატონი ივანიშვილი ამ საკითხზეც ხმამაღლა საუბრობდა. ახლა იგივე უკვე ბრიტანულ/ევროპულ მედიაში განმეორდა. შესაბამისად, სამწუხაროდ, კლიენტმა ვერ შეძლო საერთაშორისო მკითხველის ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა ბანკის მენეჯმენტი 2008-2015 წლებში, როდესაც ხდებოდა მის ანგარიშებზე წარმოუდგენელი დანაშაულები, რის შესახებაც ბანკის მენეჯმენტი ასზე მეტჯერ იღებდა მინიშნებას შიდა აუდიტის სისტემისგან, თუმცა ნაცვლად დანაშაულის აღკვეთისა, დამნაშავეთა პრემიებითა და ბონუსებით წახალისება ხდებოდა. ყოველივეს მოჰყვა განჭვრეტადი და წინასწარ განზრახული შედეგი: დაინგრა ბანკის რეპუტაცია და ფინანსური მდგრადობა და უდიდესი ფინანსური ზიანი მიადგა ბატონ ივანიშვილს. ამდენად, განჩნდა საფუძვლიანი კითხვა, თუ ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებდა და მოქმედებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი, რომელშიც პერსონები იცვლებოდნენ, ხოლო ხელწერა უცვლელი რჩებოდა. სწორედ ეს ინფორმაცია და ეს მთავარი შეკითხვა დაექვემდებარა ცენზურას, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია შვეიცარიის მარეგულირებლის, FINMA-ს ანგარიშის მიგნებებს ეფუძნებოდა. 

 

 

სტატიის ძირითადი სათქმელის შესახებ

 

 

სტატია მეტად აღქმადი რომ იყოს მკითხველისთვის, თავშივე განვაცხადებთ იმ ძირითად პოსტულატებს, რომლის ვრცელ ვერსიასაც მკითხველი წერილის ტექსტში გაეცნობა.

 

სტატიაში აღწერილია შემდეგი გარემოებები და ქრონოლოგია:

 

ბატონი ივანიშვილის ადვოკატებმა ბანკის შვილობილ კომპანიაში ჩატოვებული შედარებით მცირე მოცულობის აქტივების გადმორიცხვის მოთხოვნა დააყენეს 2022 წლის მარტში;

 

  • ბანკის მენეჯმენტმა მოთხოვნას ორი თვე - 2022 წლის მაისამდე არ უპასუხა, ხოლო მაისში დაუდასტურა კლიენტს, რომ კითხვები არ არსებობდა და მას შეეძლო თანხის წაღება;
  • 2022 წლის მაისიდან ივლისის თვემდე ხდებოდა გადმოსარიცხი თანხის დაუსრულებელი დაანგარიშება და კლიენტს არაერთხელ შეაცვლევინეს განზრახვის წერილი, რომელიც ამავე საკითხს შეეხებოდა;
  • როდესაც თანხების დაანგარიშების მიზეზმა თავი ამოწურა, ბანკის მენეჯმენტს სჭირდებოდა ახალი საბაბი, რათა თანხა არ გადმოერიცხა, რადგან, როგორც ჩანს, მას ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული. მაშველ რგოლად ბანკს 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია მოევლინა, რომელზეც მიუთითა კიდეც ბანკის მენეჯმენტმა 2022 წლის ივლისის წერილში კლიენტისადმი. ბანკის მენეჯმენტმა ბ-ნ ივანიშვილს განუცხადა, რომ არსებული რეზოლუციიდან გამომდინარე (მიუხედავად იმისა, რომ კლიენტმა მიანიშნა, რომ რეზოლუცია ევროპულ საბჭოს არ გაუზიარებია), გადმორიცხვაზე თანხმობისთვის სასამართლოსთვის მიმართვა იყო საჭირო;
  • 2022 წლის სექტემბერში სინგაპურის სასამართლოს მოსამართლემ ბანკს მკაცრად მოსთხოვა უდავო თანხების გადარიცხვა კლიენტისთვის, თუმცა ეს ბანკმა მხოლოდ სინგაპურული ტრასტის ნაწილში შეისმინა, მხოლოდ ამასაც დამატებით ორ თვეზე მეტი მოანდომა და სინგაპურული ტრასტის თანხა რეალურად ნოემბრის ბოლოს გადაურიცხა კლიენტს;
  • როდესაც ნოემბრის ბოლოს სინგაპურული ტრასტის აქტივის გადმორიცხვა განხორციელდა, კლიენტმა ბანკს შეახსენა ბერმუდას ნაწილი, ბანკის მენეჯმენტმა ითხოვა, რომ გადმორიცხვა გადადებულიყო ბერმუდაზე დეკემბერში დაგეგმილი სააპელაციო პროცესის დასრულებამდე, რადგან ამ პერიოდში ბანკის პერსონალი დავისთვის მზადებით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, აქ ბანკის მენეჯმენტმა დაივიწყა ევროპარლამენტის რეზოლუციაც და სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროებაც, რაც ადასტურებს, რომ ბანკის მენეჯმენტის უწინდელი პოზიცია აბსურდი იყო;
  • 2022 წლის დეკემბერში ბერმუდას სააპელაციო სასამართლოში ბანკის წარმომადგენელმა აკრძალული ხერხით დააყენა ახალი არგუმენტები;
  • 2022 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მის მიერვე წარმოდგენილი ახალი არგუმენტის გამო, იგი თანხის გადმორიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუკი ბატონი ივანიშვილის ადვოკატები დაწერდნენ, რომ თანხის გადმორიცხვით თეორიული რისკიც არ შეექმნებოდა ბატონი ივანიშვილისვე სატრასტო კომპანიების მოთხოვნებს;
  • 2023 წლის 3 იანვარს ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა წერილობითი ფორმით, რომ ბანკს შეეძლო თანხა გადმოერიცხა და რომ ის თავად იღებდა ყველანაირ თეორიულ და ჰიპოთეტურ რისკს თავის თავზე, ხოლო მოცემული საკითხი იურისტების გადასაწყვეტი არ იყო. ცხადი იყო, რომ არცერთი იურისტი არ დაწერდა, რომ თეორიული რისკი არ არსებობდა და ეს ბანკის მენეჯმენტმა ძალიან კარგად იცოდა;
  • შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა, თითქოსდა ბატონი ივანიშვილის კომპანიების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფაქტობრივად უარი თქვა გადმორიცხვაზე მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენებითად აცხადებს, თითქოს იგი მზად არის გადმორიცხვისთვის. 2022 წლის მარტიდან უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა, ხოლო ბანკის მენეჯმენტი ზემოთ აღწერილი პინგ-პონგით არის დაკავებული.

ეს ყველაფერი ბატონი ივანიშვილის მიმართ დაუფარავი შანტაჟია. ახლა ამ ყველაფერზე ვრცლად.

 

 

ჭიდილი 1%-ზე, ანუ, რას გადააყოლა მენეჯმენტმა ბანკის იმიჯი

 

სტატიის სათაურში გამოტანილ შეკითხვაზე პასუხისთვის, მკითხველს ბანკის მენეჯმენტის უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების მხოლოდ მცირე, პატარა, შედარებით უმნიშვნელო ეპიზოდის ექსკურსს შევთავაზებთ (უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემდეგ სტატიებში გაჟღერდება), თუ როგორ მიმდინარეობს ბატონი ივანიშვილის მიზანმიმართული და დაუფარავი შანტაჟი და თავად აუდიტორიას მივანდობთ მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვასაც და სტატიაში დასმულ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემასაც.

 

იმისთვის, რომ ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ნათელი იყოს, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ „კრედიტ სუისს“-ში მომხდარი მოვლენების შესახებ შეტყობის შემდეგ, ბატონმა ივანიშვილმა ქურდობასა და თაღლითობას გადარჩენილი აქტივების ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაიტანა. აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართება ორი ტრასტის მეშვეობით. ეს არის ის ფინანსური სტრუქტურა, რომელიც ბატონ ივანიშვილს თავად „კრედიტ სუისს“-მა ურჩია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი ეკუთვნის გერნსის კუნძულების იურისდიქციას (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია). სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იმართება „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი ძირითადი თანხები. შესაბამისად, თანხა კი გადავიდა სხვა ბანკში, მაგრამ აქტივს მაინც ტრასტები მართავენ, რაც ნიშნავს, რომ თანხებზე წვდომა ტრასტების მიღმა შეუძლებელია. ხსენებული ტრასტი „კრედიტ სუისს“-ის ტრასტია და, მიუხედავად „კრედიტ სუისს“-თან კავშირისა, იგი საკმაო ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციებს კლიენტისთვის დაბრკოლებების შექმნის გარეშე. ეს მოცემულობა გრძელდებოდა სწორედ 2022 წლის მარტამდე, ანუ, უკრაინაში ომის დაწყებამდე. ისტორია კი სწორედ 2022 წლის მარტიდან  იღებს სტარტს, როდესაც „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომელიც სამართლებრივი მიზეზების გამო ვერ დაიხურებოდა კლიენტის მიერ, დაიწყო ბატონი ივანიშვილისთვის სერიოზული დაბრკოლებების შექმნა, რაც პრაქტიკაში ჯერ გადახდების ერთ-თვიან დაგვიანებაში, ხოლო მას შემდეგ კი კუთვნილ თანხებზე წვდომის სრულ ბლოკირებაში გამოიხატა. ბატონმა ივანიშვილმა და მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნულ მოვლენას პოლიტიკური შანტაჟი უწოდეს.

 

ამავე ისტორიის კიდევ უფრო მცირე, ცალკე მიკრო-ეპიზოდია ყველაზე კარგი საშუალება იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბანკის მენეჯმენტი რეალურად ბანკის ინტერესს კი არ იცავს, მის კომერციულ მოგებაზე ან იმიჯზე კი არ ზრუნავს, არამედ ბატონი ივანიშვილის მიერ ბანკისთვის მინდობილი თანხების, დაახლოებით, 1%-ის შეკავებას ახდენს ისეთი უხეში ფორმებით, რომ ამას სხვა ახსნა არ შეიძლება გააჩნდეს, თუ არა მცდელობა შეგნებულად დააზიანო ბანკი. ეს მცირე ეპიზოდი ყველაზე კარგი სამტკიცია იმისა, რომ ბანკის მენეჯმენტის მოქმედებებს გამართლება ან რაციონალური ახსნა არ აქვს. აქ საუბარი შეეხება არა ბანკსა და კლიენტს შორის სადავო თანხებს გნებავთ სინგაპურში, გნებავთ ბერმუდაზე ან თუნდაც შვეიცარიაში; აქ საუბარი არც სინგაპურულ და გერნსის ტრასტებზე მინდობილ აქტივებს შეეხება; აქ საუბარია „კრედიტ სუისს“-ის შვილობილი ბერმუდულ სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებულ არსებითად მცირე აქტივს, რომლის ერთადერთი ფუნქცია ბერმუდაზე მოთხოვნის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება იყო და ეს აქტივი კლიენტმა შეგნებულად ჩატოვა ბერმუდას პროცესის პირველი ინსტანციის დასრულებამდე. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება 2022 წლის მარტში გამოვიდა. ამდენად, დავა ამოიწურა პირველ ინსტანციაში და კლიენტს აღარ გააჩნდა აქტივების თუნდაც ამ მცირე ნაწილის „კრედიტ სუისს“-ს მართვის ქვეშ დატოვების მოტივაცია. შესაბამისად, განიზრახა მისი გატანა. საინტერესოა, თუ რა ხდება ამის შემდეგ.

 

ბატონი ივანიშვილის იურისტების 2022 წლის მარტის მიმართვაზე, რომ მომხდარიყო აქტივების ბენეფიციარისთვის გადარიცხვა, „კრედიტ სუისს“-მა მხოლოდ ორი თვის შემდეგ, მაისის თვეში უპასუხა. თავისთავად ეს უკვე დიდ უცნაურობას წარმოადგენდა და ჯდებოდა იმ საერთო კონტექსტსა და ხელწერაში, რომელსაც ბანკი კლიენტის წინააღმდეგ მიმართავდა უკვე 2022 წლის მარტიდან მოყოლებული (მანამდე პასუხის შეყოვნება რამდენიმე დღეს არასდროს აღემატებოდა). ბანკის წარმომადგენელთა თუნდაც დაგვიანებული პასუხი, ოპტიმიზმის ილუზიას ქმნიდა: ისინი ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ კლიენტს შეეძლო ხსენებული აქტივები გაეტანა და ბანკი ამის წინააღმდეგი არ იყო (ბანკი იმ ხაზს, რომ აქტივების გატანის წინააღმდეგი არ არის, დღემდე ინარჩუნებს, თუმცა, ცხადია, მოჩვენებითად). ამის შემდეგ, ბანკმა ითხოვა დრო, რათა დაეანგარიშებინა გასატანი თანხის ზუსტი ოდენობა, რის გამოც არაერთხელ შეაცვლევინა კლიენტს მოთხოვნის შემცველი წერილი. მიუხედავად იმისა, რომ თავად დაანგარიშების მეთოდიც გაუგებარი და ბუნდოვანი იყო, კლიენტი ყოველ ჯერზე მიყვებოდა ბანკის ინსტრუქციას და შესაბამისად აკორექტირებდა და თავიდან გზავნიდა მოთხოვნებს ბანკისადმი. ივლისის თვეში ბანკს გადმორიცხვის დაბრკოლების ახალი საბაბი მიეცა: აქ უკვე მოხდა ევროპარლამენტის რეზოლუციის მოშველიება, რომელიც შეიცავდა რეკომენდაციას ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრების შესახებ. ამ მომენტში, თურმე ეს გახდა ბანკისთვის გადმორიცხვის გამომრიცხავი გარემოება. ბატონი ივანიშვილისთვის აშკარა იყო, რომ ბანკი აქტივების გადმორიცხვას არ აპირებდა, თუმცა ეს საბოლოოდ ბანკმაც დაადასტურა, მხოლოდ, ირიბი ფორმით: ბანკის წარმომადგენლებმა კლიენტს მიუთითეს, რომ მსგავსად ძირითადი აქტივებისა, საჭირო იქნებოდა სასამართლო გადაწყვეტილება ამ საკითზეც. აქაც, ბანკი თვალთმაქცურად აცხადებდა, რომ გადმორიცხვის პრობლემა არ ჰქონდა, იგი მზად იყო გადმორიცხა ეწარმოებინა, თუმცა მოგონილი გარემოებები მას თითქოს ამის საშუალებას არ აძლევდა. მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ ტრასტებიდან აქტივების გამოტანის სასამართლო გზის გამოცდილება ბატონ ივანიშვილს უკვე გააჩნია:  იმისთვის, რომ  უდავო თანხები დაუბრუნონ, მას გერნსის იურისდიქციაში სასამართლოსთვის მიმართა დასჭირდა  და იქაც პროცესი არა დაპირებულ დროს, 2022 წლის სექტემბერში, არამედ რამდენჯერმე (სექტემბრიდან - ნოემბერში, ნოემბრიდან - დეკემბერში, დეკემბრიდან - იანვარში და ა.შ.) გადადების შემდეგ 2023 წლის მარტში შედგება (თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ალბათ, მარტიც გადაიდება). საგულისხმოა, რომ ეს სასამართლო დავაც კი არ არის. ეს არის ფორმალური პროცესი, სადაც მხარეები ერთმანეთს არ ედავებიან, არამედ სასამართლო უბრალოდ ადასტურებს გარკვეულ მოქმედებას. ამგვარ პროცესს, რეალურად, ერთი დღე სჭირდება (და ასეც არის, მარტში სწორედ ერთდღიანი პროცესია ჩანიშნული).

 

სხვათაშორის, აღსანიშნავია, რომ გერნსისგან განსხვავებით, ამგვარი გართულებული პროცედურა კლიენტს არ დასჭირვებია სინგაპურში (გახსოვთ, თავში აღვნიშნეთ, რომ აქტივებს სინგაპურული და გერნსის ტრატები მართავენ). ალბათ იკითხავთ იდენტურ ტრასტებზე განსხვავებული მიდგომის მიზეზს. მიზეზი კი შემდეგია:

 

როდესაც 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა, სადაც ბატონი ივანიშვილი წარსდგა მოწმის ჩვენებით, მან ოსტატურად ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის კითხვით და თავის პასუხში სასამართლოს მიანიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ „კრედიტ სუისსი“ იქცევა როგორც „განგსტერული ბანკი“. ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკი არათუ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში ედავოს ბანკს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს. მეტიც, „კრედიტ სუისს“-დან გატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტების მართვაში დარჩენილ თანხებზე წვდომას სრულად უზღუდავს. მართალია, საკითხის მოსამართლემდე მიტანა მარტივი არ იყო, რადგან საკითხი პირდაპირ არ უკავშირდებოდა მიმდინარე დავას, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიქცევა საბოლოოდ მაინც მოხერხდა. შედეგად, მოსამართლემ უკვე „კრედიტ სუისს“-ს დაუსვა კითხვა, თუ რა მიზეზით არ ხდებოდა კლიენტისთვის არასადავო (უდავო) თანხების გადარიცხვა. საპასუხოდ, ბანკმა კლიენტს გადაუხადა ის თანხა, რომელსაც „კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული ტრასტი არ რიცხავდა, ისიც 2022 წლის ნოემბრის ბოლოს. „კრედიტ სუისსი“ ასე რომ არ მოქცეულიყო, ეს მწვავედ უარყოფით გავლენას მოახდენდა მოსამართლის დამოკიდებულებაზე ხსენებული ბანკის მიმართ.

 

რაც შეეხება გერნსის, რომელზეც სინგაპურული სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება, როგორც ვთქვით, კლიენტი გაუშვეს სასამართლოში, სადაც თვეებია რამდენიმე საათიანი სხდომის ჩანიშვნას ელოდება.

 

 

კონკრეტული კლიენტისა და ბანკის დაზიანება როგორც თვითმიზანი

 

ახლა კი დავუბრუნდეთ ბერმუდას დავისთვის ბანკის მართვის ქვეშ შენარჩუნებული შედარებით მცირე აქტივის საგას:

 

უკვე ნოემბრის ბოლოს (შეგახსენებთ, მოთხოვნა თანხის გადმორიცხვაზე მარტის თვეში გაიგზავნა), როდესაც ბანკმა კლიენტს სინგაპურული ტრასტიდან გადმოსარიცხი თანხა დაუბრუნა, კლიენტის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვა ბერმუდას ნაწილზე, რომელზეც ბანკი ფორმალურად არასდროს ამბობდა უარს. ახლაც, ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანხა გადმოირიცხებოდა, თუმცა რადგან რამდენიმე დღეში ბერმუდას სააპელაციო სასამართლოში განხილვა უნდა გამართულიყო, შესაბამისად, მთელი გუნდი კონცენტრირებული იყო დავისთვის მზადებაზე, ამიტომ გადმორიცხვას მას შემდეგ განვახორციელებთ, რაც ბერმუდას სააპელაციო განხილვა დამთავრდებაო. ისე გამოდიოდა, რომ რაც კლიენტს პირველი ინსტანციის დასრულების შემდეგ უნდა მიეღო, ახლა უკვე მეორე ინსტანციის დასრულებამდე უწევდა დაცდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, უკვე სპორტული ინტერესი არსებობდა, თუ სადამდე წავიდოდა ბანკი და რამდენ ხანს მოახერხებდა საკითხის გაწელვას. შედეგმაც არ დაახანა: ბანკის წარმომადგენლებმა უკვე მეორე ინსტანციაში მიმდინარე განხილვის დროს, ყველა პროცესუალური წესის დარღვევით, დაგვიანებით და ფორმის დაუცველად - ზეპირად განაცხადეს სრულიად ახალი არგუმენტები, რაც არც პირველ ინსტანციაში თქმულა და არც სააპელაციო სხდომებამდე. აი, სწორედ ეს ახალი არგუმენტი გამოიყენა ბანკმა მაშინ, როდესაც დასრულდა მეორე ინსტანციაში ზეპირი განხილვა და დავუბრუნდით თანხების გადმორიცხვის საკითხს. ბანკმა თქვა, რომ თანხას კი გადმორიცხავდა, მაგრამ მათ მიერვე აპელაციაში წესების დარღვევით წარმოთქმული ახალი არგუმენტების გამო, ახლა საჭირო იყო ბატონი ივანიშვილის ადვოკატებს წერილობით განეცხადებინათ, რომ თანხის ბატონი ივანიშვილისთვის გადარიცხვა არ შეუქმნიდა არანაირ რისკს ბატონი ივანიშვილისვე სატრასტო და საინვესტიციო კომპანიების მოთხოვნებს ბანკის მიმართ. ამდენად, ბანკი გამოვიდა ბატონი ივანიშვილის კომპანიების ინტერესების დამცველად და თქვა, რომ თანხის გადარიცხვა მხოლოდ მაშინ მოხერხდებოდა, თუკი თავად ივანიშვილის იურისტები იტყოდნენ, რომ საკითხი სრულიად ურისკო იყო ივანიშვილის კომპანიებისთვის. ცხადია, ვერცერთი იურისტი რაიმე თეორიულ რისკს ვერ გამორიცხავს და ამას ხელს ვერ მოაწერს. გასაგებია, რომ ეს იცოდა ბანკმაც. ამიტომ იყო, რომ ჯერ დეკემბრის განხილვებამდე მიიტანეს გადმორიცხვის საკითხი, შემდეგ წესების დარღვევით დასვეს ახალი არგუმენტები, შემდეგ ახალ არგუმენტებზე დაყრდნობით და კლიენტის კომპანიების დაცვის ეგიდით მოითხოვეს კლიენტისვე იურისტების დასკვნა რისკების არარსებობაზე, რომელსაც იცოდნენ, რომ იურისტები ვერ გასცემდნენ და ახლა ამ საბაბით არ ახდენენ თანხის გადმორიცხვას. საქმე ისაა, რომ ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც საბოლოო ბენეფიციარია, 3 იანვრის წერილში, თავადვე განაცხადა თავისი კომპანიების სახელით, რომ იგი თეორიულ და ჰიპოთეტურ რისკებს თავის თავზე იღებდა და მზად იყო ეს წერილობით დაედასტურებინა. მეტიც, მან მიმართა ბანკს, რომ საქმე მასთან დაეჭირათ და არა იურისტებთან, რომლებიც მის ინტერესს იცავდნენ. მეტიც, ბატონ ივანიშვილს ამ საკითხზე დისკუსია იურისტებთან შეწყვეტილიც კი აქვს, რადგან ეს საკითხი მათ გადასაჭრელ თემათა ნუსხას არ განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, ბანკმა თქვა, რომ კლიენტის პოზიცია საკმარისი არ იყო, საჭირო იყო კონკრეტულად მისი ადვოკატების დასტური და, შესაბამისად, ამის გარეშე, თანხის გადმორიცხვაც ვერ მოხდებოდა. დღეს ბანკი აღარც ევროპარლამენტის რეზოლუციას (აღნიშნულზე ბატონი ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა იურიდიულმა ფირმამ 2022 წლის 28 დეკემბერს ცალკე პრეს რელიზი გაავრცელა) განიხილავს ბარიერად, არც სასამართლოს მიერ დასტურს. ეს საკითხები თვითონვე შეთხზა და შემდეგ თვითონვე უკუაგდო ბანკმა.

 

რაც ამ პატარა ეპიზოდშიც მოსჩანს, აშკარაა, რომ საუბარი არ არის უნებლიე შეცდომებზე, გადაცდომებზე რომლებსაც ლოგიკური ახსნა გააჩნია. ეს არის შეგნებული, განზრახი მოქმედებები, რომელსაც გაუგებრობას ვერ მივაწერთ.

 

 

მკითხველისთვის სამსჯელოდ

 

ახლა მკითხველმა თვითონ უნდა შეაფასოს, მოქმედებს თუ არა ბანკის მენეჯმენტი ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ახორციელებს თუ არა ბატონი ივანიშვილის პოლიტიკურ შანტაჟს; ახლა ისევ თვითონ მკითხველმა განსაჯოს, ბანკის მოქმედებები, მოყოლებული 2022 წლის მარტიდან, შესაძლოა თუ არა იყოს კავშირში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან, რომელზე მითითებაც თვითონ ბანკის ტრასტმა გააკეთა 2022 წლის მარტში იმის ასახსნელად, თუ რატომ უგვიანებდნენ ბატონ ივანიშვილს გადახდებს; თავად განსაჯეთ, აქვს თუ არა უფლება კლიენტს, დაასკვნას, რომ არა ბანკის აქციონერების, არამედ მესამე პირთა დაკვეთას ასრულებს ბანკის მენეჯმენტი? შეაფასეთ, არის თუ არა ლოგიკა იმ მსჯელობაში, რომ მენეჯმენტი ერთდროულად, ერთი მხრივ, აზიანებს ბანკის იმიჯს და, მეორე მხრივ, ფაქტობრივი სანქციებისა და პოლიტიკური შანტაჟის პირობებში ამყოფებს ბატონ ივანიშვილს? დაბოლოს, გვაქვს თუ არა უფლება, საჯაროდ ვიკითხოთ, თუ ვისი დავალებით მოქმედებს ბანკის მენეჯმენტი, როდესაც აღნიშნულს ახორციელებს?

 

აქვე აღნიშნავთ, რომ ბატონი ივანიშვილი მუდმივად ცდილობს საზოგადოება და მკითხველი ინფორმირებული ამყოფოს. მისი მედიასთან კომუნიკაცია ეფექტური და წარმატებულია, როდესაც იგი საუბრობს ბანკის მხრიდან დარღვევებზე და როდესაც მისი კრიტიკა მიმართულია ბანკისკენ. სიტუაცია განსხვავდება, როდესაც მისი აქცენტები არა ბანკს, არამედ მის მენეჯმენტს მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენჯერმე დაებლოკა მკითხველამდე მისასვლელი გზა, ის კვლავაც ცდილობს, საერთაშორისო მედიის მეშვეობით დაუკავშირდეს საზოგადოებას და წინამდებარე სტატიაც სწორედ ამ გზას გაივლის.

 

უნდა ითქვას ისიც, რომ ბანკის რეპუტაციული და ფინანსური ზიანი იმდენად დიდია, რომ, მიუხედავად მასთან დავაში ყოფნისა, ბატონი ივანიშვილი არ არის დაინტერესებული, დამატებითი კონტრიბუცია შეიტანოს ბანკის ნგრევის პროცესში და ბრმა იარაღად იყოს გამოყენებული მათ მიერ, ვისაც სწორედ მსგავსი ინტერესი ამოძრავებს.

 

რომ შევაჯამოთ, მკითხველმა უნდა სწორად შეაფასოს ის დინამიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022 წლის მარტის ბერმუდას სასამართლო გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, მაის-ივლისის უსაფუძვლო მოთხოვნებითა და გადაანგარიშებებით გაგრძელებული, ევროპარლამენტის რეზოლუციის მოშველიებით საკითხის გადადებით, სასამართლოზე მითითებით გაგრძელებული, სააპელაციო სასამართლოში წარმოთქმული დაუშვებელი ახალი არგუმენტითა და მასზე დაყრდნობით, კლიენტის ადვოკატების დასტურის დაჟინებული მოთხოვნით დაგვირგვინებული და ეს ყველაფერი თანხაზე, რომელიც ჯამური აქტივების 1% თუ არის. სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით  კი უნდა გაეცეს პასუხი სტატიის მთავარ კითხვას: ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს სრულად მკითხველს და მის ანალიტიკურ უნარებს მივანდობთ.

 

ამ ფონზე, ობიექტურად ჩნდება შემდეგი მთავარი შეკითხვები:

 

ვინ არის ის ძალა, რომელმაც აიძულა მენეჯმენტს ზემოთ აღწერილი უამრავი კანონდარღვევა ჩაედინა? ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა? ვინ არის ის ძალა, რომელმაც, ამ ერთი მცირე ეპიზოდის მაგალითზეც გვაჩვენა, რომ ბანკის მენეჯმნეტს ბატონი ივანიშვილისთვის თანხის გადახდას უკრძალავს? ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება? ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება?

 

დაე, მკითხველმა შეაფასოს, არის თუ არა ეს ყოველივე ერთი ცენტრიდან მართული.

 

 

big_banner
არქივი