logo_geo
პარლამენტში ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა
- +

17 თებერვალი. 2023. 15:26

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს და დეპუტატებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე  ისაუბრა. „გასულ წელს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის კუთხით, იყო მნიშვნელოვანი მომენტები. გაიხსნა ორი მუზეუმი - წიგნის მუზეუმი და პრესის მუზეუმი.  მიხარია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა მოქმედებს არა მხოლოდ წიგნსაცავის პრინციპით,  ასევე ფიქრობს იმაზე, რომ მოიზიდოს ადამიანები მუზეუმის მოსანახულებლად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

 

გიორგი კეკელიძემ ბიბლიოთეკის  საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე  ისაუბრა.

 

მისი თქმით, 2022 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მნიშვნელოვანი   ინფრასტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. გიორგი კეკელიძემ საბიბლიოთეკო ფონდის შევსება-ფორმირების და მისი დაცვის საკითხზე, ასევე წიგნადი ფონდის, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვადასხვა დოკუმენტების გაციფრულებაზე გაამახვილა ყურადღება.

 

გიორგი კეკელიძის განცხადებით, ბიბლიოთეკას 31.000 რეგისტრირებული მკითხველი ჰყავს. გასულ წელს სამკითხველო დარბაზები მოემსახურა 96.000 მკითხველს და გაიცა 187.000 დოკუმენტი.

 

„ეს არის უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველი ფორმალური პრეზენტაცია ჩვენი მიღწევებისა. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა დაკავშირებულია პარლამენტთან, ვფიქრობთ ეს ყველაფერი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, გიორგი კეკელიძეს და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს  გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გიორგი ამილახვარმა განათლების სფეროში ბიბლიოთეკების როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

„განათლების და მეცნიერების კომიტეტი, რა თქმა უნდა მხარს უჭერს ბიბლიოთეკების განვითარებას ქვეყანაში, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი, რომელიც ხელს უწყობს  საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებას, ცოდნის ზრდას, განათლების გაღვივებას და სხვადასხვა საზოგადოებრივი სწორი აზრის დამკვიდრებას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

big_banner
არქივი