ავტორი დიანა ლიპარტელიანი
„გამუდმებით მესმოდა, როგორ სჭირდებოდა იმ დროისთვის კოლოსალური თანხა უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას და ათში ერთი ადამიანი თუ შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ყველაზე მძიმე პერიოდი იყო მაშინ, როცა ერთ დილას დედამ მითხრა, ჟანა, იცოდე, თუ ახლა ვერ ჩააბარებ, ხომ იცი ჩვენი შესაძლებლობები? იმის საშუალება არ გვექნება, რომ მომავალ წელს წამოგიყვანოთ თბილისშიო. ეს სიტყვები დღესაც ისე მძაფრად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო."-აღნიშნავს ჟურნალისტი ჟანა ასანიძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.
„მისაღებ გამოცდაზე როცა ბილეთი მომივიდა, თავში ყველაფერი ამერია ნერვიულობისგან, იმ დროს თვალწინ მამიდაჩემი დამიდგა, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, რომ გზაზე დავეყენებინე და მაშინ ვთქვი, რომ მე მას იმედებს არ გავუცრუებდი, წელს სტუდენტი გავხდებოდი. როცა მეორე დღეს ნიშნები გამოაცხადეს, სამი მაღალი ნიშნის მქონე სტუდენტთაგან ერთ-ერთი მე ვიყავი. ამ დღიდან ჩემი მიზანსწრაფულობის თამასა ძირს არასდროს დაცემულა. მე ეს შევძელი ისე, როგორც შევძელი ბევრი რამ ცხოვრებაში ამის შემდეგ.
პროფესიის არჩევისას აზრთა სხვადასხვაობა პრაქტიკულად არ ყოფილა, არასდროს მდომებია ექიმობა, რომელიც იმ პერიოდში ძალიან მოდური ტენდენცია იყო, მინდოდა, მამიდის კვალს გავყოლოდი და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მერე მაგისტრატურა დავამთავრე, ვფიქრობდი, მეცნიერებაშიც მეცადა ბედი, მაგრამ ჟურნალისტობამ ისე განსაზღვრა ჩემი ცხოვრების წესი, რომ ვერც კი წარმომიდგენია დღეს ჩემი თავი სხვაგან და სხვა სფეროში.
ჩემს დროს არც ისე მჩქეფარე სტუდენტური ცხოვრება იყო, პარალელურად გაზეთ „ალიონში" ვმუშაობდი და აი, იქ ვბობოქრობდი. როგორც სტუდენტს, ნაკლებად მიცნობდნენ, უფრო ჟურნალისტად მიცნობდნენ, რადგან იმ დროს უკვე ყველა კითხულობდა ჩემს სტატიებს. „ალიონი" ჩემი პირველი სამსახური იყო, რომელიც გაბედული და კრიტიკული სტატიების გამო დაიხურა. შინაგანი პროტესტი ყოველთვის გარეთ გამომქონდა, გავლენების ქვეშ არასდროს ვექცეოდი, სწორედ ამ დროს ვისწავლე და გამოვიმუშავე ის თვისებები, რაც ახლა, როგორც ქალს, გამაჩნია.
რამდენჯერაც დავეცი, იმდენჯერ ავდექი, თანაც უფრო ძლიერად. არასდროს ვწუწუნებდი, როცა რამე არ მქონდა, ვიბრძოდი დაუსრულებლად და ამით ხასიათის სიმტკიცეს ვსწავლობდი. ბოლო დროს ვისწავლე ტირილიც, თორემ მგონი, არც არასდროს მიტირია, რადგან ეს ყოველთვის დიდ სირცხვილად მიმაჩნდა ჩემნაირი ქალისთვის. ამას ვასწავლიდი უმაღლეს სასწავლებელში ჩემს სტუდენტებს 7 წლის მანძილზე და დღესაც, ხანდახან თუ მასტერ-კლასს ჩავატარებ, სულ მგონია, რომ ყველა ადამიანს ვასწავლი, როგორ აუდუღდეს სისხლი ძარღვებში თავისი პროფესიის გამო."
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=8831