logo_geo
დავით სონღულაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
- +

20 თებერვალი. 2023. 13:25

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შერაზ გასრის შეხვდა.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში. დავით სონღულაშვილმა ელჩს  საფრანგეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრის ფარგლებში შერაზ გასრიმ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიღო ინფორმაცია. მხარეებმა განიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობა და სამომავლო ღონისძიებები.

 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2023 წელს საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ პლენარულ სესიას უმასპინძლებს, სადაც განიხილება საქართველოს წევრად არჩევის საკითხი. დღემდე, საქართველო  ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსით არის წარმოდგენილი.

 

ელჩმა თავის მხრივ, სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

big_banner
არქივი