logo_geo
ვახტანგ გომელაური: დანაშაულის სტატისტიკის გენერირება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე ხდება, რაც გამორიცხავს ხელოვნურ მანიპულაციას
- +

21 თებერვალი. 2023. 21:08

"დანაშაულის სტატისტიკის გენერირება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე ხდება, რაც გამორიცხავს ხელოვნურ მანიპულაციას," - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ერთ-ერთი დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მონაცემების გამოქვეყნების ახალი ვადები შემუშავდა.

„სტატისტიკას ელექტრონული პროგრამა ითვლის. დანაშაულის სტატისტიკის წარმოება და დანაშაულის სტატისტიკის გენერირება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე ხდება, რაც გამორიცხავს ხელოვნურ მანიპულაციას. არ არსებობს შეცვალო, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვერც ადრე, 2012 წლამდე შეცვლიდნენ. მკვლელობას ან სხეულის დაზიანებას ფიზიკურად ვერ დამალავ. დანაშაულის სტატისტიკა საკმაოდ კომპლექსურია და სრულ ციკლს მოიცავს - დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების პროცესიდან ბრალის წარდგენამდე, გამოძიების შეწყვეტამდე. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი საკმარისი არ არის დანაშაულის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური სურათის შესაქმნელად. ხშირად საქმე ორ-სამ თვეში იხსნება, ის გაუხსნელად დევს ერთი წლის განმავლობაში, რაც არასწორი სტატისტიკაა. ეს გასწორდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მონაცემების გამოქვეყნების ახალი ვადები. მაგალითად, ესპანეთი, ფინეთი და დანია ყოველ კვარტალურად აქვეყნებენ დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც ჩვენ გადავწყვიტეთ და ვაკეთებთ. რაც შეეხება ავსტრიას, გერმანიას, პოლონეთს, შვედეთს და ნორვეგიას - ისინი ყოველწლიურად აქვეყნებენ მონაცემებს. იშვიათია, შეიძლება იყოს 4 ქვეყანა, რომელიც თვეში ერთხელ დებს სტატისტიკას. უმეტესობა დებს წელიწადში ერთხელ, ან უფრო მეტად კვარტალში ერთხელ. ბევრად სწორი იქნება კვარტალში ერთხელ დადებული სტატისტიკა, ვიდრე ყოველთვიური გამოქვეყნება. სწორია არა დანაშაულის რეგისტრაცია, არამედ უფრო ზუსტი იქნება გახსნის მაჩვენებელი“, - განაცხადა გომელაურმა.

big_banner
არქივი