logo_geo
შალვა პაპუაშვილი: უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში
- +

24 თებერვალი. 2023. 13:19

 

 

„საქართველო ომის დაწყების დღიდან, ურყევად და უპირობოდ, დგას უკრაინასა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების  რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი გავიდა. უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იგივე მასშტაბის გამოწვევის წინაშე და  იგივე შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს.

 

„დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება.  ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანისთვის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური  აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი.  მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოს და სხვა ერების თავისუფლების მისწრაფებების   ძალით ჩახშობაზე.  102 წლის შემდეგ, ისტორია მეორდება. უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იგივე მასშტაბის გამოწვევის წინაშე.  იგივე შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს.  2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო.

 

ქართველი ხალხის სოლიდარობა და თანადგომა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს გამოვუცხადეთ კიევში, ბუჩასა და ირპინში ვიზიტისას. საქართველოს პარლამენტმა ვუმასპინძლეთ ომით დაზარალებული  ოჯახებიდან ბავშვების რამდენიმე ჯგუფს. ომს და ნგრევას გამორიდებული ბევრი უკრაინელისთვის უკრაინაში  მშვიდობის აღდგენამდე საქართველო გახდა მათი მეორე სამშობლო. ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოს თანაავტორობით ინიცირებული რეზოლუცია, უკრაინის ტერიტორიიდან სრულად და უპირობოდ რუსული  შეიარაღებული ძალების გაყვანის მოთხოვნით.

 

„გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ჩვენი თანაავტორობით ინიცირებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, ამ ტრიბუნიდანაც, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში ვუსურვებ გამარჯვებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი