logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
- +

1 მარტი. 2023. 14:14

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ირენ ფელინს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედებაუნარიანი პარტნიორი და უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო  ბევრი თვალსაზრისით მოქმედებს როგორც მოკავშირე და მისასალმებელია მოკავშირეთა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომების მიღების შესახებ, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება.

 

განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

 

განსახილველ საკითხებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა და 2022-2030 წლებს ფარავს. აღინიშნა, რომ სტრატეგიაში გენდერულ თანასწორობას მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი და ითვალისწინებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მუდმივ გაუმჯობესებას.

 

საუბარი ასევე შეეხო „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმას“. აღინიშნა, რომ ორივე დოკუმენტი კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას არაერთ სფეროში.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვი და საქართველოს ელჩი NATO-ში ვიქტორ დოლიძე.

 

 

big_banner
არქივი