logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის კოდექსი აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი
- +

2 მარტი. 2023. 10:41

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს ყველა იმ სამართლებრივ ნორმასა და აქტს, რაც აქამდე არეგულირებდა აღნიშნულ სფეროს.

 

„დღეს ოპონირება მიმდინარეობს და საზოგადოებას უნდათ დაანახონ ჩვენი ახალი კოდექსი, როგორც ტოტალური გაწვევა, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

მისი განმარტებით, ყოველ წელს დადგინდება გასაწვევი პირების სამიზნე რაოდენობა და ეს არ შეეხება ყველა სტუდენტს.

 

„ეს შეეხება უპირველეს ყოვლისა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს სხვა საფუძველი სავალდებულო ჯარისგან გათავისუფლების. შემდეგ გადავალთ იმ კატეგორიაზე, რომელიც შეიძლება ასევე პოტენციურად მოიაზრებოდეს როგორც პოტენციური რეზერვი. ეს შეეხება სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, დღევანდელი გადასახედიდან ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა სტუდენტების“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოსწორდება არსებული ხარვეზები.

 

„შენიშვნა, რომ ჩვენ თითქოს ვცდილობთ საზოგადოების ნაწილს ექსპლუატაცია გავუწიოთ, დღეს უფრო რელევანტური იქნებოდა. პირიქით ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვასწოროთ ეს საკითხი და ყველა სამხედრო მოსამსახურემ სავალდებულო ჯარი მოიხადოს თავდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

მინისტრის განცხადებით, ეს ემსახურება მთავარ მიზანს, რომ შეიქმნას ქვეყნისთვის რეზერვი, რომელიც გამოდგება ზუსტად ამ ამოცანისთვის.

 

 

big_banner
არქივი