logo_geo
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის პროექტს მხარი დაუჭირა
- +

2 მარტი. 2023. 14:15

 

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

წარმოდგენილი ცვლილების მიღებით ახლებურად მოწესრიგდება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი.  კერძოდ, როგორც მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის სიით შესულ პარლამენტის წევრებს, იმ შემთხვევაში თუ დატოვებდნენ ამ პარტიას, არ ქონდათ უფლება შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი. „ამ ცვლილებით გვინდა, რომ პარლამენტის წევრებს, რომლებიც დატოვებენ ფრაქციას და პარტიას, ჰქონდეთ შესაძლებლობა შექმნან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი იმისათვის, რომ მათ მიერ სრულყოფილად და სრულფასოვნად მოხდეს პარლამენტში ყველა იმ მექანიზმის გამოყენება, რაც ზოგადად გააჩნია პოლიტიკურ სუბიექტს საქართველოს პარლამენტში“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის მეორე მოსმენისთვის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

სხდომაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტზე ლობისტად რეგისტრაციის საკითხზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოქალაქე ლევან ალაფიშვილს სურს კანონპროექტის განხილვებისას ამ კანონის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსიროს, რის საშუალებასაც ლობისტს კანონი აძლევს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ალაფიშვილის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მასალები,  შესაბამისად გაირკვა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ლობისტური საქმიანობს შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია და მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიუროს მიერ ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაციას.

 

 

big_banner
არქივი