logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე: ეს არის მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაცია და ამავდროულად, ჩემი დისკრედიტაცია
- +

3 მარტი. 2023. 20:40

 

 

ეს არის პირველ რიგში მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაცია და ამავდროულად, ჩემი დისკრედიტაცია,” - თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თავდაცვის უწყებისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ შავ პიარზე ისაუბრა.

 

“ურთიერთგამომრიცხავია, რომ ერთხელ აკეთებენ გადაცემას, რომ დედაჩემი 95 წლიდან ფლობს შპს-ებს, იურიდიულ პირებს, სადაც მფლობელობაშია რუსთაველზე კომერციული ფართები და მართლაც ასეა. ჩემს ოჯახს არასდროს ჰქონია ფინანსური გაჭირვება, საბედნიეროდ. ყოველთვის გვქონდა ბიზნესები დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც. შემდეგ ამბობენ, რომ ჩემი ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობ 2008 წლიდან, ჩემს მეუღლეზეა გაფორმებული. ამით ხალხს აჯერებენ, თითქოს მე რაღაცას ვმალავ. არასდროს არაფერი დამიმალავს. აქ რაც არის ნიშანდობლივი, ეს ტელევიზიები და ჟურნალისტები ფინანსდებიან იმ კორუფციული და ჩვენი ხალხისგან მოპარული ფულით. მათ აქვთ სწორედ მილიონობით ფული აღებული. ეს ის თანხებია, რომელიც მიითვისეს კორუფციული სქემებით სახელმწიფოსგან,”- განაცხადა მინისტრმა.

 

მინისტრის თქმით, მისი ორი წინამორბედი წინა ხელისუფლებიდან არიან ოლიგარქები, მულტიმილიონერები და ერთ-ერთის შემთხვევაში დამტკიცებულია სასამართლოთი, რომ მას აქვს მითვისებული წარმოუდგენელი სქემებით თანხები სახელმწიფო ბიუჯეტისგან:

 

ამით ფინანსდებიან ზუსტად ისინი, იღებენ მილიონობით ლარს ხელფასს და უნდათ, რომ შავი პიარი აუგორონ ჩვენს ჯარისკაცებს და თუნდაც საჯარო მოხელეებს, რომლებიც დღე და რამე ზრუნავენ რომ ჯარისკაცებს გაუუმჯობესონ პირობები.”  

 

მინისტრმა წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მისი განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა არსებობდა და ამ შემთხვევაშიც, სამხედრო მოსამსახურეებმა მობილური ტელეფონები ჯილდოს სახით მიიღეს:

 

ჩვენ უწყებასაც ჰქონდა ასეთი პრაქტიკა და წინა ხანძრების შემთხვევაშიც სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს - ნაწილი ფულადი ჯილდოთი, ნაწილი მობილური ტელეფონებით. ჩვენც ეს პრაქტიკა გავაგრძელეთ და დავაჯილდოვეთ მობილური ტელეფონებით სამხედრო მოსამსახურეები. სამი წლის განმავლობაში, ჩვენ სისტემაში არ გაცემულა არც ერთ სამოქალაქო პირზე მობილური ტელეფონი.”

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საჩუქრების შეძენა, რომელიც გადაეცემათ საახალწლოდ, თუ იცვლება ორმხრივი შეხვედრების დროს, არის წარმომადგენლობითი ხარჯები.

 

ორმხრივ შეხვედრებზე ყოველთვის იცვლება საჩუქრები და ესეც წარმომადგენლობითი ხარჯია, რა თქმა უნდა. ეს რომ ახლა საზოგადოებას დავანახოთ, რომ ხალხის ფულით ხდება, არის აბსურდი”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

big_banner
არქივი