logo_geo
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანს შეხვდა
- +

14 მარტი. 2023. 11:20

 

 

 

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა. მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის, ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების კუთხით. 

 

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ შვედეთი მხარს უჭერს  საქართველოს მისწრაფებებს და მზად არის იმუშაოს ქართულ მხარესთან იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც საჭიროა ამ გზაზე შემდგომი წარმატების მისაღწევად. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედ დიპლომატს საქართველოს პირადი მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის აქტიური გულშემატკივრობისთვის. მისი თქმით, ქვეყანა არა მხოლოდ ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის  რეკომენდაციებს, არამედ დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს ევროპულ, მათ შორის, საკანონმდებლო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისითაც.

 

მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე და აღნიშნეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირთან პრაქტიკული დაახლოების თვალსაზრისით პრიორიტეტულ მიმართულებებს და ამ პროცესში შვედეთის დახმარებას, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით.

 

ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს  რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გამოწვევები.

 

 

 

 

big_banner
არქივი