logo_geo
„საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების" მორიგი, საოცარი გამოფენა! (ფოტორეპორტაჟი)
- +

18 მარტი. 2023. 20:49

  

 

17 მარტს გაიხსნა „საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების" რიგით მე-9 გამოფენა. მონაწილეობას იღებდნენ როგორც გამოცდილი, ისე დამწყები ხელოვანები. გამოფენას უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

 

როგორც ასოციაციის „საქართველოს მქარგველები და ხელმაჯვეები“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარინა ლაგვილავა აღნიშნავს, ამ საქმიანობამ ბევრ ადამიანს შეუმსუბუქა პანდემიის ურთულესი პერიოდი. 

 

„პირადად მე, სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ნახოს ჩვენი ნამუშევრები, შეიგრძნონ მშვენიერება, მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება და რაც მთავარია, გაიცნონ ხელმარჯვე ქალბატონები, რომლებისგანაც ძალიან ბევრს ისწავლიან. ჩვენი ასოციაციის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მქარგველთა დღედ 3 თებერვალი გამოცხადდა. არიან სხვა ჯგუფის წევრებიც, რომლებსაც ვიცნობთ, დავდივართ მათ გამოფენებზე და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ. მინდა ძალიან ბევრი მქარგველის გასაგონად ვთქვა, რომ ნურასოდეს ნუ გააქილიკებენ სხვის ნამუშევრებს, რადგან ამ ნამუშევრებმა ბევრი ადამიანი გადაარჩინა პანდემიის და ოჯახის წევრების დაკარგვის დროს. როცა ამ საქმით ხარ დაკავებული, სულ სხვა სამყაროში ხვდები.სწორედ ეს მინდა მოვუწოდო ქალბატონებს, რომ ეზიარონ ამ ბრწყინვალე ხელოვნებას“, - აღნიშნავს მარინა ლაგვილავა.

 

 

 

ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გულიკო ჩახვაშვილის თქმით, აღნიშნული საქმიანობა არა მხოლოდ განტვირთვას წარმოადგენს, არამედ ბევრი ქალბატონისთვის ის უკვე ხელობა და შემოსავლის წყაროც კია:

 

„დღეს წარმოდგენილია ასოციაციის „საქართველოს მქარგველები და ხელმაჯვეები“ რიგით მე-9 გამოფენა. ჩვენთვის ქარგვა არის რელაქსაცია. ქალი, რომელიც ოჯახში არის ბედნიერი, ის ოჯახი არის ბედნიერი. ჩვენმა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ამ საქმიანობას. ქალბატონებმა, რომლებმაც თავიანთი ნაშრომი მყუდროდ, ოთახში შექმნეს, წარმოადგინონ საჯაროდ. ასოციაციის ძირითადი მიზანი არის, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქარგვას და ზოგადად ხელნაკეთ ნივთებს. ბევრმა ქალბატონმა ეს საქმე პროფესიად აქცია და მათთვის შემოსავლის წყაროც კია“.

 

 

ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის აღნიშნული ხელოვნების საზღვრებს გარეთ გატანა.

 

„გატაცებული ვარ ხელნაკეთი სამკაულებით, ეს არის ჩემი მეორე სპეციალობა და მიუხედავად დატვირთული სამსახურისა, მაინც ვახერხებ დროის გამონახვას. მოხარული ვარ, რომ ვარ ამ ასოციაციის წევრი, ვმონაწილეობ გამოფენებში და სამომავლოდ ვგეგმავ, საზღვარგარეთაც გავიტანოთ ქართული ხელოვნება“, - აღნიშნავს მადონა ჩუბინიძე.

 

 

 

 

„დაახლოებით 2015 წლიდან დავინტერესედი ლენტებით ქარგვით. თითქმის ერთი წელი ვეძებდი ნამუშევრებს და ვსწავლობდი Youtube-ის მეშვეობით. ასოციაციის შედარებით ახალი წევრი ვარ, მეორე წელია, რაც აქ ვარ. ამ ასოციაციის აღმოჩენა ძალიან გამიხარდა, რადგან ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ ქარველი გოგოებისთვის და ქალებისთვის. ამ სილამაზეების შექმნა კი ძალიან მხიბლავს. დიდი მადლობა დამფუძნებლებს, რომ ეს ასოციაცია შეიქმნა ჩვენთვის, ყველა ქალისთვის“, - აღნიშნავს თამილა ფერხული.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პორტრეტებიც, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ხელოვანი ნინო გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ამ გამოფენაზე მონაწილეობა მისთვის პირველია.

 

„დღეს პირველად ვიღებ მონაწილეობას გამოფენაზე, თექაზე ხუთი წელია ვმუშაობ მშრალი წესით. ვქმნი ყველა ტიპის და ჟანრის ნამუშევრებს, ვაკეთებ პორტრეტებსაც, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მოხარული ვარ, რომ ამ გამოფენაზე ვიღებ მონაწილეობას“. 

 

 

გამოფენას ესწრებოდნენ სტუმრებიც. ერთი-ერთი სტუმრისთვის კი წარმოდგენილი ნამუშევრები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, გადაწყვიტა, თავადაც გაწევრიანებულიყო ამ ასოციაციაში. ახალბედა მქარგველმა, თამილა ტაბახმელაშვილმა გადაწყვიტა, თავადაც გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი.

 

„მე ვარ ახალბედა მქარგველი, დღეს აქ მოსული ვარ, როგორც სტუმარი, მაგრამ მომეწონა სიტუაცია და გადავწყვიტე, გავწევრიანდე ამ ჯგუფში“.

 

 

მსურველებს ნამუშევრების ხილვა შეეძლებათ 18-19 მარტს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი