logo_geo
თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი უწყებათაშორისი კურსი დასრულდა
- +

20 მარტი. 2023. 11:23

 

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა დასრულდა. კურსის გამოშვების ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებათაშორისი პროგრამის პირველი გამოშვების მსმენელებს კურსის დასრულება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართვისას ყურადღება კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა.

 

თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილეებს დიპლომები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო ანალიტიკური ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებს კი, უმაღლესი პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

 

„ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ ორწლიანი ინტენსიური მუშაობისა და კონსულტაციების შედეგად, ნატოს მიერ აკრედიტებული თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ბაზაზე ჩამოყალიბებული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის ფარგლებში შეიქმნა. პროგრამის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო ნატო-ს წევრი ქვეყნების სტრატეგიული დონის სასწავლებლების გამოცდილება.

 

სასწავლო კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერებმა გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების მომზადება-განვითარებას, უსაფრთხოების პოლიტიკასა და სტრატეგიული დაგეგმვის, უსაფრთხოების გარემოს შეფასების, კრიტიკული აზროვნების, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ პირველი, 2022-2023 სასწავლო კურსი 12 მსმენელმა წარმატებით დაასრულა. სასწავლო პროცესის განმავლობაში მათ ქვეყნის შიგნით, ასევე, რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებში გაცნობითი გასვლითი ვიზიტების შესაძლებლობა ჰქონდათ. პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

big_banner
არქივი