logo_geo
ლევან დავითაშვილმა ეგვიპტე: საქართველოს ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
- +

21 მარტი. 2023. 10:28

 

 

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქალაქ კაიროში ეგვიპტე - საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე და განაცხადა, რომ ქვეყანამ 2021 – 22 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აჩვენა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2023-2027 წლებში საქართველოს ექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში. ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებულ წარმატებებზე, აგრეთვე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე.  

 

ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ეგვიპტეს ბიზნესფორუმი გახდება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეგვიპტიდან კაპიტალის შემოდინება 96 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რომელიც განხორციელდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა მშენებლობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მისივე თქმით, ქუთაისისა და საგარეჯოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ხორციელდება ინვესტიციები ეგვიპტიდან. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და  ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და დაბალი საგადასახადო ტვირთის გარდა, კომპანიებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დამატებით შეღავათებსაც სთავაზობს.

 

ბიზნესფორუმზე ასევე მოხსენება გააკეთეს ეგვიპტის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური სააგენტოს (GAFI) აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოსამ ჰეიბამ და ეგვიპტის სხვა ოფიციალურმა პირებმა.

 

ბიზნესფორუმის მსვლელობისას, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალურ სააგენტოსა (GAFI)  და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის წახალისებას საინვესტიციო და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. ამასთანავე, ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ბიზნესკლიმატის თაობაზე ინფორმაციის გაცვლას.

 

ქართული დელეგაციის მხრიდან კაიროს ბიზნესფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან - სოსო ფხაკაძე, ლევან ვეფხვაძე, აკაკი საღირაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი.

 

 

big_banner
არქივი