logo_geo
თორნიკე რიჟვაძემ ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
- +

12 მაისი. 2023. 15:07

 

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალურ ასამბლეას და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო, რომელიც ბათუმში იმართება და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა გაიზიარონ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, როგორც საოჯახო სასტუმროების მართვის, ასევე სოფლად ეკო ტურიზმის განვითარების კუთხით.

 

„როცა ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, რომლის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებელი გვაქვს ყველა მიმართულებით, ეს არ არის ეფემერული საკითხი, ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც თითოეულ ოჯახს ცხოვრების უკეთეს პერსპექტივას უქმნის. ამ სახის ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ უფრო სწორად და მდგრადად განავითარონ აჭარაში ეკო ტურიზმი, სოფლად ტურიზმი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ტურიზმის განვითარება და ეკონომიკის განვითარება იგრძნობოდეს ყველგან, სოფლად და ქალაქად“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს. ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტია. კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იღებენ. ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

 

კონფერენციის გახსნას აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი