logo_geo
კულტურის კომიტეტში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განსახილველად საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართა
- +

17 მაისი. 2023. 21:46

 

 

 

კულტურის კომიტეტში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით „საავტორო დამომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განსახილველად საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართა, რომელშიც ჩართული იყვნენ კულტურის კომიტეტის წევრები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, USAID-ის და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლები.

 

დიალოგის მიზანი ღია და ინკლუზიური დიალოგის გზით, შეთავაზებული პროექტის დახვეწა და ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განვითარებას საქართველოში.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით,2021 წელს კულტურის კომიტეტს მიმართა სხვადასხვა ავტორ-შემსურულებელმა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის გადახედვის მოთხოვნით.

 

„საქმე ეხებოდა  კოლექტიურ სასაფუძველზე ქონებრივი მართვის კუთხით არსებული პრობლემების სათანადო დარეგულირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ წამოჭრილი საკითხების საპასუხოდ, კულტურის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გასაუმჯობესებლად. დღეს  მეორედ გაიმართა საქპატენტის,   USAID-სა და  აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP-ის)  ერთობლივი  საჯარო დიალოგი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის კუთხით არსებული  გამოწვევებისა და საკანონმდებლო დონეზე მათი დაძლევის  გზების შესახებ“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

როგორც დიალოგის პროცესში  ექსპერტების მხრიდან გამოიკვეთა, კოლექტიური მართვა გადამწყვეტ როლს ასრულებს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების დაცვაში; კოლექტიური მართვა ხელს უწყობს ასევე ნამუშევრების დაცვას და უზრუნველყოფს ავტორების მიერ სამართლიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებას, საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

 

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის პრაქტიკამ გარკვეული ბუნდოვანება გამოიწვია უფლებამფლობელებსა და მოსარგებლეებს შორის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, CLDP-თან და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან ერთად, მხარი დაუჭირა ქვეყანაში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის პრაქტიკასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევას, ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობით საჯარო-კერძო დიალოგის აქტივობებს და ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების აქტიურ ჩართულობას.

 

აღნიშნული ძალისხმევით მომზადდა ცვლილებების პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც  დიალოგის  პროცესში   მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად დაიხვეწება.

 

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, კულტურის კომიტეტის შექმნის დღიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი იყო აღნიშნულ საკითხზე სირღმისეული მუშაობა.

 

„ამ სფეროში გამოწვევები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, ყველა მხარე უკმაყოფილო იყო. სამუშაო ჯგუფისა და ექსპერტების მიერ ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საკომიტეტო მოსმენები დაიწყება”, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბაია კვიციანმა მადლობა გადაუხადა  დიალოგში მონაწილე ორგანიზაციებსა და ექსპერტებს. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების მხარდასაჭერად, რომელიც  ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორადაა მიჩნეული ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვისა და კომპანიების შემოსავლების ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით.

 

 

big_banner
არქივი