logo_geo
ზაზა ლომინაძე: ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაა
- +

18 მაისი. 2023. 19:44

"ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაა," - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს.

ზაზა ლომინაძემ თავის გამოსვლაში სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

კომიტეტის თავმჯდომარემ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სატარიფო პოლიტიკაზე და ფარმაცევტული სფეროს დარეგულირების საკითხზე ისაუბრა.

„განხორციელდა ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. დაინერგა სამკურნალო საშუალებების შექმნის, სტანდარტიზაციის, ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თანამედროვე მიდგომები. განისაზღვრა ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასის დადგენის ძირითადი პრინციპები და მისი მოქმედების მექანიზმები, მათ შორის, გაზრდილი ჯარიმების საშუალებით. სახელმწიფომ დაადგინა წამლის ღირებულების მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ მედიკამენტის რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდა“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ონკოლოგიური, დიაბეტით და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა.

ზაზა ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ მიმართულებით „გაიდლაინს“ შეიმუშავებს.

„2022 წლიდან კომიტეტი სამინისტროსთან ერთად აქტიურადაა ჩართული აღნიშნული იშვიათი დაავადების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში. ამ დიაგნოზის მქონე ჩვენ მოქალაქეებს შშმ პირის სტატუსი არ გააჩნდათ და მათ ეს სტატუსი უკვე გააჩნიათ. მათ ასევე დაუფინანსდებათ ფიზიოთერაპია, რეაბილიტაცია, ასევე ფსიქოთერაპია სრულად. უახლოეს მომავალში შემუშავდება გაიდლაინი და პროტოკოლი აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის შესახებ“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

 

 

big_banner
არქივი