logo_geo
პოეტ ეკა კვიციანს საზოგადოების დახმარება სჭირდება
- +

22 მაისი. 2023. 14:08

 

 

შესანიშნავ პოეტს, ეკა კვიციანს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ეკას რამდენიმე თვის წინ თვალის რქოვანას დისტროფია, მელანომა და მწვავე უვეიტი აღმოაჩნდა. საქართველოში ექვსთვიანი მკურნალობისა და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აუცილებელია, მკურნალობა გაგრძელდეს თურქეთში, ანადოლუს კლინიკაში, სადაც უმოკლეს ვადებში ორი ოპერაცია უნდა ჩატარდეს:

 

  1. რქოვანას გადანერგვა;

 

  1. მელანომის მობილიზება, სხივური თერაპია.

 

საქართველოში უკვე ჩატარებული სამკურნალო ხარჯების გათვალისწინებით, ამ დროისთვის ოჯახისა და ახლობლების ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება თურქეთში მკურნალობისთვის საჭირო თანხების მობილიზება.

 

დღეის მდგომარეობით, შესაგროვებელია დაახლოებით 6 ათასი დოლარი.

 

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ანგარიშზე: #GE25BG0000000814550100GEL – მიმღები: ეკა კვიციანი. აქვე გთავაზობთ ეკას ლექსსაც:

 

ბაილ

 

​როცა შენზე შემომწყრალი წამოვყევი ბარში ქარებს, გზა ან მეწყერს ჩაეკეტა, ანდა ნამქერს ჩავეტანე, ან ხმაურით დაძრულიყო შუა გზაზე სადმე ზვავი, დამწეოდა შენი რისხვა, დამწეოდა მთების ზარი..

 

რა მინდოდა ბარში, ბაილ, ბეთქილ, ბარში რა მინდოდა, ნუთუ მართლა არ შემეძლო მოთმენა და შენი ნდობა..

 

აქ ჭუჭყი და მტვერი მახრჩობს, სული დამაქვს ნაწვალები, ჩამქრალი მაქვს თვალში შუქი, დაჭრილი მაქვს ნაწნავები…

 

ჩემი თოვლისფერი კაბა ვერ აიტანს ნათითურებს, თოვლისფერის რიდი, ბაილ, არ ჰქონიათ, ბარში, თურმე. ჩემთან ჭუნირის ხმა აღწევს – მოთქმით სტირის მირანგულას, აქ ვერავის ვუერთგულე, მეც ვერავინ მიერთგულა.

 

ქარის ხმაზე დატირება ნეტავ, მართლა არ მახსოვდეს, ან შემეძლოს დავიწყება ან ყინულის გული მქონდეს, გულით შენი თვალთა ცეცხლი თან დამქონდა, როგორც წყევლა მხრებით დარდი ვზიდე,ბაილ, სწორედ ჩვენი მთებისხელა.

 

მაინც, როგორ აუყევი, ჩემს გარეშე უშბის კიდეს, მარტო როგორ გამომიშვი, როგორ არ გამომეკიდე… რა უნდათო ბარში დალებს -თეთნულდს ცრემლი შეჰყინვოდა, მომყვებოდა თეთრი შუნი, ორბი ზეცას შეჰყიოდა…

 

ნეტავ, ახლაც, თოგორაზე მთვარე ვერცხლის კარავს ქსოვდეს, იქ გელოდე, არ გავიდე იმ კარვიდან არასოდეს….

 

ბაილ, მთისკენ გამირბიან ეს თვალები, დანისლული, ველოდები, მთიდან როდის ჩამომძახებს თეთრი შუნი …

 

როცა შენგან მოვდიოდი, მოვყვებოდი ბარში ქარებს, გზად თუ არ დამეწეოდი, ნეტავ, ზვავებს ჩავეტანე…

 

 

big_banner
არქივი