logo_geo
ლევან დავითაშვილი: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა არის ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურადაც
- +

26 მაისი. 2023. 16:38

 

 

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ ღირშესანიშნავ, ეროვნულ დღესასწაულს -  დამოუკიდებლობის დღეს! მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო ნამდვილი თავისუფლება და წარმატებები!“, - საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირიდან ულოცავს. როგორც ის აღნიშნავს, ეს დღე გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში.

 

„26 მაისი ბევრ რამეს გვახსენებს თითოეულ ჩვენგანს - თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია დამოუკიდებლობა, რამდენად გასაფრთხილებელი და სათუთია და რამდენად პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ამ მონაპოვარს. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ დავამკვიდროთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რეალური დამოუკიდებლობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა არის ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურადაც. ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება რეალური აღიარება. ფორმალურ, იურიდიულ დამოუკიდებლობასთან ერთად ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა მართლაც რეალურად დამოუკიდებელი იყოს, მათ შორის  ეკონომიკურად ძლიერი და დამოუკიდებელი და ჩვენ რეალურად მივიღოთ ის სიკეთე, რასაც თავისუფლების სიკეთე ჰქვია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

ლევან დავითაშვილმა რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს და მისი უწყებების მიერ მომზადებული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა. ვიცე-პრემიერი პირადად გაეცნო „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტენდებს, სადაც პროგრამის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციაა გამოფენილი. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, რომ ქვეყანაში ახალი პროდუქცია შეიქმნას, არამედ მის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ და ასევე უცხოელმა მომხმარებლებმა გაიგონ. 

 

„ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, რომ კომპანიებს მივეხმაროთ პრეზენტაციებში, გამოფენებსა და მათ შორის ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობაში, რათა მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს და ქართული პროდუქცია მეტად მოთხოვნადი და დაფასებული იყოს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი უწყებები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობენ, მათ შორის რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში.

 

 

 

big_banner
არქივი